ლენქორანული ხერკინა
ლენქორანული ხერკინა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Parrotia persica | ||||||||||
|
ლენქორანული ხერკინა, ბოკაუტი სპარსული პაროცია (ლათ. Parrotia persica) — ჰამამელისისებრთა ოჯახის რელიქტური პაროციას გვარის ერთადერთი სახეობა. მისი სიმაღლე 25 მ აღწევს, ძირიდანვე ძლიერ დატოტვილი ზაფხულშწვანე ხეა.
გავრცელებულია აზერბაიჯანსა (თალიშში და აქა-იქ კავკასიონის სამხრეთ კალთების ძირას, აფთარანის ვაკეზე) და ჩრდილოეთ ირანში (კასპიის ზღვისპირეთში). ქმნის წმინდა კორომებს (ზღვის დონიდან 250 მ-მდე) ან შერეულია ფოთლოვან (წაბლფოთოლა მუხის, რცხილის და ძელქვის) ტყეში (ზღვის დონიდან 600-800 მ), ცალკეული ხეები გვხვდება ზღვის დონიდან 1200 მ-მდე.
ლენქორანული ხერკინა იზრდება თბილ და ტენიან გარემოში, თუმცა — 32°C-მდე ყინვასაც უძლებს. ჩრდილოსამტანია, ნელა იზრდება. 150 წლისა 15 მ-მდე სიმაღლეს და 30 სმ სისქეს აღწევს, ცოცხლობს 200 წლამდე. ყვავილობს თებერვალ-მარტში, შეფოთვლამდე (აპრილში). ნაყოფს ისხამს სექტემბერ-ოქტომბერში.
დეკორატიულია, წითლად შეფერილ ფოთლებს დეკემბრამდე ინარჩუნებს. მისი გართხმული ტოტები ადვილად ფესვიანდება, ერთმანეთს შეეზრდება ხოლმე და ამიტომ საუკეთესოა ცოცხალ ღობედ. იტანს კრეჭას. აქვს ლამაზი მოყავისფრო-ვარდისფერი („კავკასიის ვარდისფერი ხე“), ძალიან მაგარი, მძიმე და გამძლე მერქანი.
იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში, აკეთებენ მანქანის ნაწილებს, საფეიქრო მაქოებს, მხატვრულ ნახელავებს. ფოთოლი შეიცავს ტანინებს (7%) და ხმარობენ ხალხურ მედიცინაში ჭრილობის მოსაშუშებლად. თესლი შეიცავს ტექნიკურ ზეთს. ამრავლებენ თესლით და ვეგეტატიურად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 190.