ლევან მენაბდე
ლევან მენაბდე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 ნოემბერი, 1924 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
გარდ. თარიღი | 26 ივნისი, 2002 (77 წლის) |
დასაფლავებულია | საბურთალოს პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ლიტერატურული კრიტიკოსი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ლევან ვასილის ძე მენაბდე (დ. 20 ნოემბერი, 1924, ქ. ქუთაისი — გ. 26 ივნისი, 2002, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ენათმეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1985).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ასურელ მამათა საკითხისათვის“, ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემაზე: „ძველი ქართული მწერლობის კერები“ 1963 წელს. 1970-2000 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრისა და რუსთაველის კაბინეტის (1966-2002) გამგე. 1994-2002 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების გამგე, 1995-2002 წლებში საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის დამფუძნებელი წევრი და პრეზიდენტი. ალმანახ „მწიგნობარისა“ (1995-2002) და საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის შრომების (ტ. I-III; 1997-2004) მთავარი რედაქტორი, საქართველოს ენციკლოპედიის ქართული ლიტერატურის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
ლევან მენაბდის ძირითადი მონოგრაფიებია: „სულხან-საბა ორბელიანი“ (1953, 1980, 2012), „ვახტანგ VI“ (1966, 2011), „ვეფხისტყაოსანი“ და „საქართველოს ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწენი“ (1967), „XIX საუკუნის ქართველი კლასიკოსები და ძველი ქართული მწერლობა“ (1973), „რუსთველი საზღვარგარეთულ ლიტერატურაში“ (1990), „XVII-XVII საუკუნეების ქართული ლიტერატურა“ (1997).
ლევან მენაბდის ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია „ძველი ქართული მწერლობის კერები“ (ტ. I. 1962, ტ. II. 1980), რომელშიც შესწავლილია საქართველოს საზღვრებსა და მის ფარგლებს გარეთ (პალესტინა-სირია, ათონი, კონსტანტინეპოლი, პეტრიწონი და სხვ.) აღმოცენებული ქართული კულტურის კერების ისტორია, აღნუსხულია იქ შექმნილი წერილობითი ძეგლები, გაშუქებულია მათი მნიშვნელობა ქართული სულიერი კულტურის ისტორიისათვის.
ლევან მენაბდემ შეადგინა ლიტერატურულ-მხატვრული ძეგლებისა და სამეცნიერო გამოკვლევების 15 კრებული. მისი ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოცემულია კაპიტალური კრებული „რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში“ (ტ. I-IV, თბ., 1976-1988). შეადგინა და რუსულ ენაზე გამოსცა „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია (V-XVIIIსს.)“ (1982, 1987). ლევან მენაბდისა და დიმიტრი ლიხაჩოვის საერთო რედაქტორობით სანქტ-პეტერბურგის რუსული ლიტერატურის ინსტიტუტისა („პუშკინის სახლი“) და თსუ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მიერ ერთობლივად მომზადდა და გამოიცა ორი კრებული „შუა საუკუნეების ქართული და რუსული ლიტერატურა“ (ლენინგრადი, 1979, თბ., 1982). 1945-2002 წლებში ლევან მენაბდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ფილოლოგთა რამდენიმე თაობის მასწავლებელი, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 450-მდე დასახელების ნაშრომი, აქედან 150-ზე მეტი სპეციალური გამოკვლევა (მათ შორის 14 წიგნი და 8 ბროშურა).
ლევან მენაბდე გარდაიცვალა 2002 წელს თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფესორ ლევან მენაბდის შრომების ბიბლიოგრაფია, თბ., 1999;
- ძველი ქართული ლიტერატურის პრობლემები, თბ., 2002.