ლარგვისის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლარგვისის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარგვისში. აგებულია 1721-1741 წლებში.

ლარგვისის ციხე მაღალი მთის ფერდობზეა აგებული. იგი ძირითადად ორი ეზოსგან შედგება, რომელთაგან პირველი, სამხრეთით მდებარე, თითქმის ოთხჯერ აღემატება მეორეს. აქვეა ჭიშკრიანი კოშკი, ეკლესია და საცხოვრებელი სახლების ნანგრევები; ციტადელი უფრო მაღლაა. ციხეს ორი შესასვლელი ჰქონია. სამხრეთ-აღმოსავლეთით და დასავლეთით, ამათგან ერთი მთავარია, მეორე - დამხმარე.

ციხე გეგმით უწესო მრავალგვერდაა, რაც მთის რელიეფითა გამოწვეული, კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა. გალავნის კუთხეებს კოშკები ამაგრებდა, ხოლო თვით კედლებს - ბურჯები. კოშკებიდან ყველაზე დიდი და საინტერესო - გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს. სიმაღლისა და სიდიდის მხრივ მას მოსდევს სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი; ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კოშკები თუ შედარებით მცირე ზომისაა.

ჭიშკრიან კოშკს კვადრატული გეგმა აქვს. მის ქვედა სართულში კამაროვანი გასასვლელია. ზედა სართულში დახურული სათავსი ყოფილა კედლებში დატანებული სათოფურებით. ციხის ამ მთავარი შესასვლელის დაცვას ემსახურებოდა იქვე, გალავნის გარეთ მდგარი კოშკი. მდინარეთა შეერთების ადგილზე აგებული ეს უკანასკნელი კოშკი, ალბათ, საგუშაგოს ფუნქციას ასრულებდა.

ციხის სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი კოშკებიდან მხოლოდ პირველის კვალი ჩანს, ხოლო მეორე ორი-სამი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ორივე კოშკი ნახევარწრედაა, გალავანზეა მიდგმული და მცირე ზომისაა. ციხის დასავლეთი კედელი სხვებზე გაცილებით მაღალი და განიერია. ქვედა იარუსი ყრუა. საბრძოლო ბილიკს სათოფურებიანი თხელი კედელი გასდევს.

ციხის ყველაზე რთულ ნაგებობას ციტადელის კოშკი წარმოადგენს. მისგან მხოლოდ სამი სართულია შემორჩენილი. ეზოდან ოთხი მეტრის სიმაღლეზე შესასვლელია. გარედან კოშკი კვადრატულია, შიგნით კი, გეგმაში ტოლმკლავა ჯვარი იქმნება. კუთხეებში სხვადასხვა სადგომია. ერთ-ერთი მათგანში კიბის უჯრედია მოთავსებული. სამხრეთ-დასავლეთი კუთხის მეორე სართულის ოთახს ქვის მასალის გვირგვინული გადახურვა აქვს. კოშკი უხვადაა აღჭურვილი სარკმლებით, სათოფურებით, ბუხრებითა და ნიშებით. იგი კარგად დაგეგმარებულ კოშკური სახლის იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 104-109