ლალისყურის დედაღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლალისყურის დედაღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში.

ეკლესია დარბაზულია (7,3 მ X 5 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით. წყობაში აქა-იქ გამოყენებულია მოზრდილი, დაუმუშავებელი ნატეხი ქვაც, რომლებიც ფასადის მხარეს ბრტყელი მხარით არის მოქცეული. ქვებს შორის დარჩენილი არეები ამოვსებულია კირის წმინდა ბათქაშით, რომელიც წვრილი ქვების მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. კარ-სარკმლების ღიობები და ლავგარდანი ნაწყობია კვადრ. აგურით. გარდა ამისა, აგური, აქა-იქ, თარაზული შრეების სახით, კედლებშიცაა ჩართული. შესასვლელი დასავლეთითაა. იგი გადახურულია ოდნავ შეისრული თაღით, შიგნიდან კი სწორკუთხაა. ეკლესიის დარბაზი მოკლეა - თითქმის კვადრატული გეგმის. აღმოსავლეთით მას ერთვის ღრმა, დარბაზის იატაკის მიმართ ოციოდე სმ-ით შემაღლებული, ნახევარწრიული აფსიდი, რომლის ცენტრში გაჭრილია დაბალი, თაღოვანი სარკმელი. იგი შედარებით მაღლაა ატანილი, იმდენად, რომ მისი თაღის ნაწილი კონქის ფარგლებშია მოქცეული. ერთი თაღოვანი, ოღონდ გაცილებით მაღალი სარკმელი დასავლეთ კედელშია. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო, მაღალი, შეისრულთაღიანი ნიშაა. სარკმლის ქვემოთ დგას აგურით ნაგები, კუბური ფორმის, კედელზე მიბჯენილი ტრაპეზი. დარბაზი ცილინდრული ფორმის, სხმული, რომელსაც განიკვეთში წესიერი ნახევარწრის ფორმა არა აქვს. გარედან შესასვლელის თაღი საფეხურით შეღრმავებულ არეშია ჩასმული, რომელსაც ორსაფეხურიანი, ვიწრო ფრიზი აგვირგვინებს. კედლის ამ ნაწილზე შემორჩენილია წითელი საღებავით დახატული, სხვადასხვა, მცირე გეომეტრიული სახეების კვალი, ფრიზის ზედა საფეხურზე კი, რამდენიმე წრეხაზი. ფასადები დასრულებულია ლეკალური აგურით ნაწყობი, რთულპროფილიანი, მაღალი ლავგარდანით. ლავგარდანი შელესილი და შეღებილი ყოფილა. ნალესობის აქა-იქ შემორჩენილ ფრაგმენტებზე შესამჩნევია მოწითალო ფერის საღებავის კვალი. ეკლესია გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18773