კოფერმენტები
კოფერმენტები — [ლათ. co (cum) — ერთად და ფერმენტები], არაცილოვანი ბუნების ორგანული ნაერთები, რომლებიც ფერმენტულ რეაქციებში გვხვდება, ცალკეული ატომებისა ან ატომების ჯგუფის აქცეპტორებად. კოფერმენტის ცილოვან ნაწილთან - აპოფერმენტთან - დაკავშირებულია არამტკიცე ბმით და ადვილად წყდება მჟავებისა და ტუტეების მოქმედებით, რასაც მოყვება არააქტიური კომპონენტების წარმოქმნა. კატალიზურ პროცესებში კოფერმენტები შეუქცევად ქიმიურ გარდაქმნებს არ განიცდის და შეუძლია მრავალჯერ მიიღოს მონაწილეობა ფერმენტულ რეაქციებში. კოფერმენტის უმრავლესობა ვიტამინების ნაწარმია ან შეიცავს მათ კომპონენტების სახით. ცხოველურ და მცენარეულ ქსოვილებში, ყველაზე ფართოდ გავრცელებული კოფერმენტია ნიკოტინანიდადენინდინუკლეოტიდი, ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდფოსტატი, კოფერმენტი A, ნუკლეოზიდდიფოსფატები.
კოფერმენტი A
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოენზიმი A, KoA აცეტილირების (აცილირების) კოფერმენტი. მონაწილეობს აცელიტის ჯგუფების გადატანის რეაქციებში. KoA-ს მოლეკულა შედგება ადენილის მჟავას ნარჩენისაგან, რომელიც პიროფოსფატის ჯგუფით დაკავშირებულია პანტოთენის მჟავას (B ჯგუსიც ვიტამინია) ნარჩენებთან. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ პეპტიდური ბმებით შეერთებულია ß-მერკაპტოეთანოლანითან.
KoA მონაწილეობს მრავალ ბიოქიმიურ რეაქციაში, როგორიცაა ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა და სინთეზი, ლიპიდების ბიოსინთეზი, ნახშირწყლების დაშლის პროდუქტების ჟანგვითი გარდაქმნა და ა.შ. ყველა შემთხვევაში KoA მოქმედებს როგორც შუალედი ნაერთი, რომელიც მჟავურ ნარჩენებს იერთებს და სხვა ნივთიერებებზე გადააქვს. ორგანული მჟავების აქტიური ფორმებია KoA-ს სულფჰიდრილურ ჯგუფთან მაკროერგული აცეტილთიოეთერული კავშირით მიერთებული აცილური ნარჩენები. KoA მიიღებს სინთეზურადაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V, თბ., 1984, გვ., 702