კეხვის წმინდა გიორგის ეკლესია
კეხვის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხვში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, რომელიც მოგვიანებით შეუბათქაშებიათ.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. მის ძირში ხის ტრაპეზია. აბსიდის ჩრდილოეთ მხარეს თაღოვანი, ხოლო სამხრეთით სწორკუთხა ნიშაა მოთავსებული. სატრიუმფო თაღი მარტივპროფილიან კრონშტეინებს ეყრდნობა. კონქი ნახევარსფერულია. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და ერთსაფეხურიანი სოლეაა. კანკელი მოხატულია. ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღები, პილასტრების მარტივად პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა. დასავლეთით მოწყობილია ხის პატრონიკე. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით, იატაკი მიწურია. ინტერიერი შებათქაშებულ-შეთეთრებულია. თაღოვანი შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. სამხრეთი შესასვ-ლელის ზედა ნაწილი მორთულია აგურის კბილანისებრი წყობით. კარის თავზე ამოკვეთილი ჯვარი დაფერილია ყავისფერი ზეთის საღებავით.
ანალოგიური მორთულობა აქვს დასავლეთ ფასადსაც. ჩრდილოეთი და აღმოსა-ვლეთი ფასადები სადაა. ლავგარდანი აგურისაა. საბურავად გამოყენებულია თუნუქი. სამხრეთი ფასადი-სათვის შექმნილია რიყის ქვის ხელოვნური სუბსტრუქცია. ინტერიერში ბათქაში მრავალ ადგილას ჩამოცვენილია. იატაკი დაზიანებულია. კონქი დაბზარულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 131-132