კეშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეშა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კეშა როუზ სებერტი
დაბ. თარიღი 1 მარტი, 1987 (1987-03-01) (37 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი
კალიფორნია
აშშ
წარმოშობა ნეშვილი
ტენესი, აშშ-ის დროშა აშშ
ჟანრ(ებ)ი ელექტრო პოპი
საცეკვაო პოპი
საქმიანობა მომღერალი
კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
გიტარა
ფორტეპიანო
ლეიბლ(ებ)ი RCA
ხელმოწერა
საიტი [www.keshasparty.com]
კეშა ვიკისაწყობში

კეშა როუზ სებერტი (ინგლ. Kesha Rose Sebert; დ. 1 მარტი, 1987, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი.

„ჩემი ალბომით მე მსურს, ადამიანები გავაბედნიერო. ვფიქრობ, ჩემი მუსიკა ერთგვარი დღესასწაული იქნება ახალგაზრდებისა და მთლიანად, სიცოცხლისათვის“, – ასეთი თამამი განცხადება დაურთო თავისი პირველი ალბომის — Animal-ის პრეზენტაციას კეშამ, რომლის სინგლმა — „Tik Tok“, წერტილი დაუსვა ბრიტანული „ნიჭიერის“ ვარსკვლავის — სიუზენ ბოილის ექვსკვირიან ლიდერობას ჩარტებში.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი მომღერალი კეშა როუზ სებერტი, 1987 წლის 1 მარტს ლოს-ანჯელესში დაიბადა.იგი დედასთან კომპოზიტორ პიბ სებერტთან და უფროს ძმებთან – ლაგანთან და ლუისთან ერთად ცხოვრობდა. სებერტების ოჯახი მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და 1991 წელს პიბიმ ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ამერიკული ქანთრის სამშობლოში, თავის მშობლებთან საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა, სადაც გაიარა კიდეც კეშას ბავშვობამ. პიბი ადგილობრივი ხმის ჩამწერი სტუდიების ხშირი სტუმარი იყო და მას მუდამ თან ახლდა კეშა, რომელიც სკოლისგან თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სტუდიებში ატარებდა. სკოლაში კი კეშა ყველასგან გამორჩეული იყო: იისფრად შეღებილი თმისა და უზარმაზარი, მეწამული ფერის შარვლის ტარების გამო, კეშას ხშირად იძახებდა თავის კაბინეტში დირექტორი შენიშვნის მისაცემად, ხოლო თანაკლასელები მასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებდნენ, რადგან, ექსტრავაგანტური გარეგნობის მომავალ ვარსკვლავს მარსიდან ჩამოფრენილად მიიჩნევდნენ.

17 წლის ასაკში კეშა დაბრუნდა ლოს-ანჯელესში, სადაც გაიცნო მუსიკოსები და პრომოუტერები მაქს მარტინი და დრ. ლუკი, რომლებმაც მას თანამშრომლობა შესთავაზეს. პოპულარობის გზაზე დამდგარ კეშას თავდაპირველად მრავალი პრობლემა აწუხებდა, უპირველეს ყოვლისა კი, ეს იყო უბინაობა. დამწყები მომღერალი ახალგაცნობილ მეგობრებთან ერთად პატარა ოთახს ქირაობდა ლოს-ანჯელესის გარეუბანში, საიდანაც ქირის გადაუხდელობის გამო ხშირად აგდებდნენ და კეშას არაერთხელ აქვს ღამე გატარებული მეგობრების ავტომობილებში. ასევე, კეშას ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა და მუსიკის წერისგან თავისუფალ დროს, ძირითადად ღამით, ის ოფიციანტად მუშაობდა ერთ-ერთ სასადილოში, გარდა ამისა, ტელემარკეტშიც უკეთებდა რეკლამას სხვადასხვა საქონელს, საიდანაც დამატებით შემოსავალს იღებდა. კეშა ბევრს მუშაობდა სტუდიაში, წერდა სიმღერებს და თანამშრომლობდა პროდიუსერებთან, მაგრამ მის მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ. სხვათა შორის, პირველად კეშას სახელი მუსიკალურ სამყაროში მაშინ გაჟღერდა, როდესაც დამწყები მუსიკოსი ვარსკვლავ პრინსის სახლში შეიპარა და მისთვის თავისი სიმღერების დისკის გადაცემა სცადა, მაგრამ „პრინცის“ დაცვამ თინეიჯერი კეშა სახლიდან გამოაგდო.

გზა წარმატებისკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს კეშას დაწერილი მუსიკა პირველად გამოჩნდა ამერიკულ ტელევიზიაში, სხვადასხვა ტელეშოუებსა და სერიალებში. იმავე პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო ავსტრალიური ჯგუფის – „ზი ვერონიქის“ სინგლის შექმნაში, რომელიც პოპულარული გახდა მწვანე კონტინენტზე. გარდა ამისა, კეშას ეკუთვნოდა ბეკ-ვოკალი ბრიტნი სპირსის სიმღერაზე – „Lace and Leather“, ხოლო პოპ-სცენის კიდევ ერთმა დამწყებმა ვარსკვლავმა, კეტი პერიმ, კეშა სულაც სათამაშოდ მიიწვია თავის კლიპში.[1] სიმღერას „I Kissed a Girl“ წარმატება ხვდა წილად თინეიჯერებში, ხოლო მუსიკალურ სამყაროში ლაპარაკი დაიწყეს კეტი პერისა და კეშას არატრადიციული ორიენტაციის შესახებ. კეშამ და კეტიმ ერთმანეთი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში გაიცნეს და მას შემდეგ განუყრელი მეგობრები არიან. მათ ახალისებთ ის ფაქტი, რომ ისინი ყველას ლესბოსელები ჰგონია. სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში კეშამ არ დამალა და განაცხადა, რომ მისთვის საუკეთესო მეგობრები „ცისფერები“ არიან, რადგან მათ არ იციან ღალატი და საიდუმლოს შენახვაც ქალებზე უკეთ შეუძლიათ.

პირველი პოპულარობა კეშასთან მოვიდა რეპერ ფლოუ რაიდთან ჩაწერილი სინგლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ გაწეული სამუშაოსთვის კეშამ ანაზღაურების მიღებაზე უარი განაცხადა და რაიდს მხოლოდ ლეიბლის პატრონებთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. 2009 წლის დასაწყისში კეშამ, როგორც იქნა, მიაღწია და გააფორმა კონტრაქტი „RCA Records–თან“ და იმავე წლის აგვისტოში შედგა მისი დებიუტი დიდ სცენაზე „ლოლაპალუზას“ ფესტივალზე, ხოლო ოქტომბერში მუსიკალურ მაღაზიებსა და რადიოებში კეშას პირველი სინგლი – „Tik Tok“, რომელმაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ააფეთქა ჩარტები, ჟურნალ „ბილბორდის“ 2009 წლის ბოლო, დეკემბრის ნაციონალურ ჩარტში „ტოპ-ასეულის“ პირველ პოზიციაზე განთავსდა და ლიდერობიდან სიუზენ ბოილი ჩამოაგდო.

საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, კეშამ, რომლის სახელის ინგლისურ ვარიანტში, ლათინური S-ის ნაცვლად დოლარის ნიშანი იწერება, გასაყიდად პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით „Animal“. აღსანიშნავია, რომ სიმღერები ალბომისთვის შვიდი წლის განმავლობაში იწერებოდა და, საბოლოოდ, დაახლოებით 200 კომპოზიციიდან, კეშამ პირველი ალბომისთვის 14 საუკეთესო შეარჩია.

2012-2013: Warrior და დავა Dr. Luke-თან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეშა ამერიკულ ტელე შოუ "Today"-ში. ნოემბერი, 2012

კეშამ მეორე სტუდიური ალბომი, Warrior რომელზეც მუშაობა 2011 წელს, ტურნეს მიმდინარეობისას დაიწყო, გამოუშვა 2012 წლის 30 ნოემბერს. ალბომის პირველი სინგლი იყო „Die Young“. სიმღერამ პირველივე კვირაში ბილბორდის ცხელ ასეულში მეცამეტე პოზიცია დაიკავა, ხოლო შემდეგ მე-2 პოზიციამდეც მიაღწია. ალბომის მეორე სინგლმა, სახელად „C'Mon“ კომერციული თვალსაზრისით ვერ გაამართლა ლეიბლის მოლოდინი და დაიკავა მხოლოდ 27-ე პოზიცია ამავე ასეულში. 2013 წლის მარტში, ალბომის მხარდასაჭერად, კეშამ გამოაცხადა მომავალი ტურნეს შესახებ, სახელწოდებით Warrior Tour, რომლის ჩრდილო-ამერიკულ ნაწილსაც მართავდა ამერიკელ რეპერ, Pitbull-თან ერთად. ალბომ Warrior-ის მესამე სინგლი გახდა „Crazy Kids“. იგი გაყიდვაში გამოვიდა 2013 წლის აპრილში და განსაკუთრებით დიდი წარმატება მოიპოვა სამხრეთ კორეასა და ბელგიაში. 2013 წლის აპრილშივე, ტელეარხ MTV-ზე გამოჩნდა ახალი, დოკუმენტური სერიალი კეშას შესახებ, სახელწოდებით Ke$ha: My Crazy Beautiful Life.

სინგლების „C'Mon“ და „Crazy Kids“ წარუმატებლობა კეშას ფანებმა მის პროდიუსერ Dr. Luke-ს დააბრალეს. 2013 წლის სექტემბერში ერთ-ერთმა ფანმა გამოაქვეყნა პეტიცია, სადაც მოითხოვდა, რომ „კეშა Dr. Luke-ისგან გაეთავისუფლებინათ“ და პროდიუსერს კეშას, როგორც ხელოვანის შემოქმედებითი განვითარებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდა. პეტიციამ დღესდღეობით ათი ათასზე მეტი ხელმოწერა მოიპოვა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ტურნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰედლაინერი

კო-ჰედლაინერი

Opening act

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია
წელი დასახელება როლი შენიშვნა
2005 The Simple Life საკუთარი თავი "Wedding Planner" (სეზონი 3, ეპიზოდი 15)
2010 Saturday Night Live მუსიკალური სტუმარი "Ryan Phillippe/Ke$ha" (სეზონი 35, ეპიზოდი 19)
The City საკუთარი თავი "One Girl's Trash..." (სეზონი 2, ეპიზოდი 9)
2011 Victorious საკუთარი თავი "Ice Cream for Kesha" (სეზონი 2, ეპიზოდი 3)
2012 The X Factor Australia მენტორი სეზონი 4
2013 Robot Chicken რობოტი "Papercut to Aorta" (სეზონი 6, ეპიზოდი 14)
2013 Kesha: My Crazy Beautiful Life საკუთარი თავი დოკუმენტური სერიალი
2013 The Show with Vinny საკუთარი თავი "Mark Wahlberg, Anthony Mackie and Kesha" (სეზონი 1, ეპიზოდი 3)
2014 Rising Star საკუთარი თავი (ჟიური)
ფილმები
წელი დასახელება როლი შენიშვნა
2005 Bravo Supershow საკუთარი თავი
2012 Katy Perry: Part of Me საკუთარი თავი არქივის კადრები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sullivan, Matt. (2009-08-13) Kesha and the Not-Quite-72 Virgins in Her Own Personal Heaven. Esquire. Hearst Communications, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-15. ციტირების თარიღი: 2009-10-20.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კეშა&oldid=4088676“-დან