კერინჩი
კერინჩი | |
---|---|
![]() კერინჩი | |
კოორდინატები: 1°41′48″ ს. გ. 101°15′56″ ა. გ. / 1.69667° ს. გ. 101.26556° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 3805 მ |
ქედი | ბარისანი |
ტიპი | სტრატოვულკანი |
პირველი ასვლა | 1877 წლის დეკემბერი |
ბოლო ამოფრქვევა | 2013 წლის ივნისი |
კერინჩი ან ინდრაპურა (ინდონ. Kerinci) — მოქმედი ვულკანი ინდონეზიაში, ბარისანის ქედზე. წარმოადგენს ინდონეზიის უმაღლეს ვულკანსა და კუნძულ სუმატრის უმაღლეს წერტილს. სიმაღლე 3805 მ.
გარშემორტყმულია კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკის ტყეებით, სადაც გვხვდება საფრთხეში მყოფი სახეობები: სუმატრის ვეფხვი და სუმატრის მარტორქა. კერინჩი მდებარეობს ჯამბის პროვინციის კერინჩის სარეგენტოსა და დასავლეთი სუმატრის პროვინციის სამხრეთის სოლოკის სარეგენტოს საზღვარზე, კუნძულის დასავლეთ ცენტრალურ ნაწილში, დასავლეთის სანაპიროს სიახლოვეს, ქალაქ პადანგის სამხრეთით დაახლოებით 130 კმ-ში.
მწვერვალზე არის 600 მ სიგანისა და დაახლოებით 400 მ-ის სიღრმის ვულკანური კრატერი, რომელიც ნაწილობრივ ამოვსებულია პატარა კრატერული ტბით. კერინჩი უმეტესწილად აგებულია ანდეზიტური ლავებით. ძველი კონუსის ფუძის სიგანე 13-დან 25 კმ-მდეა; მას ართულებს მსხვილი კალდერა, რომლის კიდეზე მდებარეობს მაღალი კლდოვანი მწვერვალები.
მთაზე სულ 15 ტბაა, რომელთაგან უდიდესია კერინჩის ტბა და გუნუნგ-ტუჯუჰის ტბა. 4200 ჰა ფართობის მქონე კერინჩის ტბა გაწოლილია 650 მ სიმაღლეზე. გუნუნგ-ტუჯუჰის ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1996 მ-ია. კერინჩის კალთებზე ნოტიო ტროპიკული ტყეებია, მწვერვალისკენ მათ ცვლიან უსიცოცხლო ვულკანური ლანდშაფტები. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2013 წლის ივნისში. კერინჩი პირველად დაიპყრეს არენდ ლუდოლფ ვან ჰასელტმა და დანიელ დავიდ ვეთმა 1877 წლის დეკემბერში.