კარმაინ გალანტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარმაინ გალანტე (იტალ. Carmine Galante; დ. 21 თებერვალი, 1910 — გ. 12 ივლისი, 1979) — ნიუ-იორკის მაფიის ბოსი, წარმოშობით კასტელამარე დელ გოლფოდან, (სიცილია). ბონანოს დანაშაულებრივი ოჯახის ბოსის მოვალეობის შემსრულებელი (Acting boss) (1974-1979) წლებში. ოჯახის პირველი ბოსის - ჯო ბონანოს ახლო გარემოცვის წევრი. კანონთან პრობლემები ადრეული ასაკიდანვე დაეწყო. 1931 წელს, 21 წლის გალანტეს ძარცვისთვის და ადამიანის დაჭრისთვის 12,5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა 1939 წელს იგი ციხიდან ვადამდე ადრე გაათავისუფლეს. გალანტეს მონაწილეობდა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის - კარლო ტრესკას მკვლელობაში 1943 წელს. ტრესკა მუსოლინის რეჟიმის მკაცრი კრიტიკოსი იყო და როგორც ამბობენ მკველობა სწორედ მისი შეკვეთილი იყო. აღნიშნული მკვლელობისთვის გალანტე დააპატიმრეს, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს. 1953 წელს ჯო ბონანომ გალანტე კანადაში გაგზავნა, სადაც ადგილობრივ მაფიის ბოსებთან ერთად ჰეროინით ვაჭრობის გეგმა შეადგინეს. 1962 წელს გალანტე ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის გაასამართლეს და 20 წელი მიუსაჯეს. 1974 წლის იანვარში იგი ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ამ პერიოდიდან გალანტემ ჰეროინით ვაჭრობის ახალი არხები გაჭრა სიცილიასა და საფრანგეთში, რის შედეგადაც ბონანოს ოჯახი არნახულად გამდიდრდა. ამ ყოველივემ ნიუ იორკის დანარჩენი ოთხი ოჯახის ბოსების უკმაყოფილება გამოიწვია და ვინაიდან გალანტე არ აპირებდა მათთან ჰეროინით ვაჭრობისგან მიღებული მოგების გაყოფას მისი მოკვლა გადაწყვიტეს. თანხმობისთვის ნიუ იორკის ოჯახის ბოსები დაუკავშირდნენ იმჟამად ციხეში მყოფ ბონანოს ოჯახის ოფიციალურ ბოსს - ფილიპ რასტელის. რასტელიმ მკველობაზე სანქცია გასცა. გალანტე 1979 წლის 12 ივლისს მოკლეს ბრუკლინში, რესტორანში სადილობისას. 1987 წელს ბონანოს ოჯახის წევრი - ენტონი ინდელიკატო გაასამათლეს გალანტეს მკვლელობისთვის და 40 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ენტონი ინდელიკატო ერთ-ერთი იყო იმ მსროლელთაგან, რომლის ტყვიამაც გალანტეს სიცოცხლე იმსხვერპლა.