კამბერლენდის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამბერლენდის პლატო
კამბერლენდის პლატო ჯორჯიის შტატში
კამბერლენდის პლატო ჯორჯიის შტატში
კოორდინატები: 32°28′34″ ჩ. გ. 85°03′09″ დ. გ. / 32.4761222° ჩ. გ. 85.0525389° დ. გ. / 32.4761222; -85.0525389
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე 500–1200 
სიგრძე 725 კმ
სიგანე 65–80 კმ
კამბერლენდის პლატო — აშშ
კამბერლენდის პლატო

კამბერლენდის პლატო (ინგლ. Cumberland Plateau) — დანაწევრებული პლატო აშშ-ში, აპალაჩებში. წარმოადგენს აპალაჩის პლატოს სამხრეთ ნაწილს. ვრცელდება კენტუკის, ტენესის, ალაბამისა და ჯორჯიის შტატების ტერიტორიაზე.[1] სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით გადაჭიმულია 725 კმ-ზე. სიგანე მერყეობს 65–80 კმ ფარგლებში.[2] დასავლეთით სიმაღლე 500 მ-მდეა, ხოლო აღმოსავლეთით 1200 მ-მდე. მდინარეების ტენესითა და კლინჩით წარეცხილი აღმოსავლეთი კიდე აპალაჩების დიდი ხეობის თავზე წარმოქმნის 300 მ სიმაღლის კამბერლენდის ესკარპს.[3]

ტერმინები „ალიგეინის პლატო“ და „კამბერლენდის პლატო“ აღინიშნება როგორც აპალაჩების დასავლეთით მდებარე დანაწევრებული პლატო-ტერიტორიები. ტერმინები წარმოსდგა ისტორიული ხმარებიდან გამომდინარე და არა გეოლოგიური განსხვავებების გამო, შესაბამისად, მათ შორის მკვეთრი გამყოფი ხაზი არ არსებობს. ორი მთავარი მდინარე ატარებს პლატოების სახელწოდებას, ერთია მდინარე ალიგეინი, რომელიც ამავე სახელწოდების პლატოზე იღებს სათავეს, ხოლო მეორეა მდინარე კამბერლენდი.[4]

კამბერლენდის პლატო ჩრდილოეთით გადადის ალიგეინის პლატოში, ხოლო სამხრეთით მექსიკისპირა დაბლობში. სამხრეთით მთავრდება ლუკაუტისა და სენდის მთებით, ხოლო აღმოსავლეთით უოლდენის ქედით. პლატოს უმაღლესი ნაწილია დაახლოებით 225 კმ სიგრძის ვიწრო და ხაზობრივი ქედი, რომელიც ქმნის მის აღმოსავლეთ კიდეს კენტუკის აღმოსავლეთ და ტენესის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; სახელწოდება კამბერენდის მთები ზოგადად ამ ტერიტორიას თანხვდება.[2]

ძირითადად დანაწევრებულია მდინარეების კამბერლენდისა და კენტუკის ზემო დინებებითა და მდინარე ტენესის შენაკადებით. აგებულია ქვიშაქვებითა და კირქვებით.[3] განვითარებულია კარსტი. არის ქვანახშირის საბადო. ფართოდაა გავრცელებული ფოთლოვანი ტყეები. უსწორმასწორო რელიეფის გამო დასახლებები იზოლირებულია. ადგილობრივი ეკონომიკა დაფუძნებულია სოფლის მეურნეობაზე.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Appalachian Plateau Geologic Province, New Georgia Encyclopedia, The University of Georgia Press
  2. 2.0 2.1 2.2 Cumberland Plateau | plateau, United States | Encyclopedia Britannica
  3. 3.0 3.1 John T. Hack. Interpretation of Cumberland Escarpment and Highland Rim, South-Central Tennessee and Northeast Alabama, 1966
  4. Cumberland River The American Cyclopædia. 1879