კავკასიური კუნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიური კუნელი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  კუნელი
სახეობა:  კავკასიური კუნელი
ლათინური სახელი
Crataegus caucasica

კავკასიური კუნელი (ლათ. Crataegus caucasica) — ეკლიანი ხეებისა და ბუჩქების სახეობა კუნელის გვარიდან, ის ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამ სახეობის გავრცელების არეალი კავკასიაა და ის ამ რეგიონის ენდემური სახეობაა.[1]

გავრცელების არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიური კუნელი არის ბუჩქი ან ხემცენარე, რომელიც ძირითადად იზრდება ზომიერი კლიმატის პირობებში. ბარიდან დაწყებული მთის შუა სარტყლამდე, მშრალ და ღია ფერდობებზე, გამეჩხერებულ ტყეებსა (ქვეტყედ) და ნაკაფებზე, ზოგჯერ სუბალპურ სარტყელშიც აღწევს. გვხვდება უფრო ბუჩქნარების — კუნელიანების სახით, რომელიც მეტწილად ტყის მოჭრის შედეგად ჩნდება და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს.[2]

სასარგებლო თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიური კუნელი შეიცავს ბევრ ნივთიერებას, რომელიც სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის. კუნელი გამოიყენება გულის დაავადებების წინააღმდეგ, ასევე არტერიული წნევის და მაღალი ქოლესტერინის კონტროლისათვის. როგორც ცხოველებზე, ასევე ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კუნელი ზრდის კორონარული არტერიის სისხლის ნაკადს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს არტერიულ წნევას. მას ასევე იყენებენ კანზე ფურუნკულებისა და კანის წყლულების სამკურნალოდ. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ კუნელის გვარის მცენარეთა სახეობები შეიცავენ ნივთიერებას სახელად ფლავანოიდი, რომელსაც მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. ფლავანოიდებს გააჩნიათ კიბოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებები.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://powo.science.kew.org/taxon/urn:lsid:ipni.org:names:723095-1#other-data
  2. მირზაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 72.
  3. https://www.mountsinai.org/health-library/herb/hawthorn