ისკანდერ ალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისკანდერ ალიევი აზერ. İskəndər Əliyev
აზერ. İskəndər Əli oğlu Əliyev
დაბ. სახელი ისკანდერ ალი ოღლუ ალიევი
დაბადების თარიღი 1906
დაბადების ადგილი შუშა,შუშის მაზრა,ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1972
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
მოქალაქეობა  სსრკ
განათლება ბაქოს სანავთობო ფაკულტეტი
ეროვნება აზერბაიჯანელი
პარტია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
მეუღლე/ები ფერი ალიევა
შვილ(ებ)ი 3 შვილი - რენა, ფუადი და არიფი

ისკანდერ ალი ოღლუ ალიევი (აზერ. İskəndər Əli oglu Əliyev; 1906-1972) - საბჭოთა აზერბაიჯანის ეკონომიკოსი, აზერბაიჯანის სსრ მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარი, სსრკ-ს პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აზერბაიჯანში სტალინის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისკანდერ ალი ოღლუ ალიევი დაიბადა 1906 წელს რუსეთის იმპერიის ელიზავეტპოლის გუბერნიის ქალაქ შუშაში. მას მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და ამიტომ იგი გაზარდა უფროსმა ძმამ, რომელიც ბაქოში გაემგზავრა საბუნჩუს რაიონის ნავთობის საბადოებში სამუშაოდ. თუმცა, შემდეგ ძმასთან კავშირი დაიკარგა და ახალგაზრდა ალიევი აზერბაიჯანის სსრ კასუმ-ისმაილოვის (ახლანდელი გორანბოი) რაიონის სოფელ გორანბოიში აღმოჩნდა, სადაც 13 წლის ასაკიდან მუშაობდა ფერმაში მუშად. უკვე იმ დროს მან დაიწყო სოციალური საქმიანობა ფერმის მუშაკთა პროფკავშირში[1].

დაწყებითი და უმაღლესი განათლება ისკანდერ ალიევმა ბაქოში მიიღო. 1933-1934 წლებში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები მოსკოვში, სსრკ-ს მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სავაჭრო დეპოების თანამშრომლებისთვის.

1926 წელს გადავიდა განჯაში. იქ მუშაობდა მუშად. 1928 წელს გახდა განჯის დეპოს ადგილობრივი კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი. 1929-30 წლებში აირჩიეს განჯის რკინიგზის მუშაკთა პროფკავშირის რაიონული კომიტეტის კულტურის განყოფილების უფროსად, შემდეგ კი მისი თავმჯდომარე გახდა[1].

1930 წელს ალიევი გადავიდა ბაქოში. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო წარმოებისა და ტექნიკური პროპაგანდის სექტორის ხელმძღვანელი. 1932 წელს გადაიყვანეს სამუშაოდ აზერბაიჯანის სსრ-ის მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარიატში, სადაც 1933 წლამდე მუშაობდა ინსტრუქტორად.

1937 წლის 11 აგვისტოს დაინიშნა მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილედ, ხოლო 1937 წლის 2 ნოემბერს აზერბაიჯანის სსრ-ის მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარად[1].

1937 წლის 12 დეკემბერს აირჩიეს სსრკ პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა პალატის დეპუტატად, სადაც მონაწილეობა მიიღო მის პირველ სესიაში 1938 წლის იანვარში. დეპუტატობის პერიოდში იმოგზაურა აზერბაიჯანის სსრ რეგიონებში, სადაც გამართა შეხვედრები ამომრჩევლებთან[2].

ისკანდერ ალიევი აზერბაიჯანში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1938 წლის 1 ივნისს იგი დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის შეთითხნილი ბრალდებით.

1941 წლის 30 აგვისტოს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის საველე სხდომის განჩინებით ცნეს დამნაშავედ და მიესაჯა 10 წლიანი გამოსასწორებელი შრომა[3]. მან სასჯელი მოიხადა ყარაღანდას რეგიონში. საერთო ჯამში მან 18 წელი, 1938 წლიდან 1956 წლამდე, ციხესა და გადასახლებაში დაჰყო.

1954 წლის დეკემბერში სტალინის გარდაცვალების შემდეგ ალიევმა განცხადებით მიმართა ცენტრალურ კომისიას „კონტრრევოლუციური დანაშაულისთვის“ გასამართლებული საქმეების განხილვისათვის. ამ საქმეზე ბრალდებულთა მიმართ სამხედრო ტრიბუნალის 1941 წლის 30 აგვისტოს განაჩენი გაუქმდა ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო და ამ პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა მტკიცებულებების არარსებობის გამო.

1956 წელს დაუბრუნდა ეკონომიკურ საქმიანობას. დაინიშნა აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო აგრარული მრეწველობის ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსად. 1959 წელს გახდა აზერბაიჯანის სსრ საიუველირო ვაჭრობის ხელმძღვანელი. 1964 წელს პენსიაზე გავიდა. 1972 წლის 30 იანვარს ბაქოში გარდაიცვალა.

ისკენდერ ალიევს ცოლი და სამი შვილი ჰყავდა - რენა, ფუადი და არიფი. პატიმრობის შემდეგ ის ოჯახს დაუბრუნდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]