იმერული ყველი
იმერული ყველი | |
---|---|
წარმოშობის ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | იმერეთი |
რძე | ძროხის |
ტექსტურა | მოუხარშავი ყველი |
მომწიფების დრო | ≈ 6 საათი |
იმერული ყველი — ქართული ყველის სახეობა, რომლის დამზადება ძირითადად იმერეთის მხარეში არის პოპულარული. იმერული ყველი მოუხარშავ ყველთა ჯგუფს განეკუთვნება და ძროხის რძისგან მზადდება. რადგან იგი ხელით ამოჰყავთ ხელურ, ხელეურ (აჭარ.) ყველს უწოდებენ.[1][2]
წარმოების ტექნოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმერული ყველის წარმოებაში მთავარ მოქმედებას ძროხის რძის დაკვეთა, შედედება წარმოადგენს, რისთვისაც იხმარება საკიდელი, დვრიტა (საქონლის, ცხვრის ან ღორის კუჭი) ან სადედი. კარგად იკვეთება ახალმოწველილი თბილი რძე, იმ სითბოთი როგორიც გამოიწველება და ეს სითბო უნდა შეუნარჩუნდეს საკიდელის მოქმედების მთელ პერიოდში. როცა რძის მასა სათანადოდ შედედდება, ხელს ჩაყოფით ხდება მისი მორევა, ამის შემდეგ იწყება მასის შეგუნდავება, ამოყვანა. ორივე ხელით ნელ-ნელა წურვით, მასას ათავისუფლებენ ზედმეტი შრატისგან, მაგრამ ისე რომ შერჩეს საკმაო სისველე, რაც ყველის დამწიფების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გაწურულ, მომრგვალებულ ფორმის ყველს ხის ან თიხის ჯამზე დადებენ, სადაც ის აფუვდება. დილით ამოყვანილ ყველს საღამომდე ჯამში ამყოფებენ და მერე მოაყრიან ქვამარილს, რომელიც ბევრად სჯობს ზღვის მარილს. კენჭი ან ხვირიში მარილით ფრაქციის მარილი ყველში ნელ-ნელა, ზომიერად შედის, რაც ყველის დამწიფებასა და თვლების განვითარებას უწყობს ხელს. თიხის ჯამზე შემაგრებული და დამარილებული ყველი ამის შემდეგ გადადის დიდ სათავსოში ხალამში, დერგში, ჯურუკაში და ინახება საგანგებოდ გაკეთებულ წაქეში, წათხში. ყველიან დერგებს ინახავდნენ სამეურნეო სათავსში, ბნელ ადგილას, ანდა მიწაში ჩაყრილ ჭურუკებში, ქოცოებში (საერთოდ, სიბნელე და თავდახურულობა ყველის შენახვის ერთ-ერთი გარანტიაა), სადაც ერთ წლამდე გემოშეუცვლელად ინახებოდა. საზამთროდ შესანახ ყველს აგვისტო-სექტემბერში აგროვებდნენ და ყველიერში გაიხმარდნენ.[3]
სხვადასხვა ტექნოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველიან დერგებში არომატიან ყველის მიღების მიზნით ტარხუნის ან პიტნის კონებს ჩადებდნენ. გურიაში ყველის აფუების მიზნით, ზამთრობით დერგში დოლბანდში გამოკრულ ხორბალს დებდნენ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ყველი იმერული
- ↑ ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
- ↑ ლიტ: ნ. თოფურია, იმერული ყველის დამზადების ხალხური ტექნოლოგია, მსმ, ტ. XIX, 1978; А. Калантар, Молочное дело на Кавказе, 1901. ვ. პეტრიაშვილი, რძე და მისი სხვადასხვაგვარი გამოყენება, 1898. ე.ნ.