იასე ყულარაღასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იასე ყულარაღასი, იესე (იასე) დავითის ძე ერისთავი (ჩანს 1700 – გ. 1745) — ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ყულარაღასი, ძმა და თანამებრძოლი შანშე ქსნის ერისთავისა. მონაწილეობდა შანშეს აჯანყებაში ირანის წინააღმდეგ. მასთან ერთად დატყვევებული იყო მაშათის ციხეში. 1745 წელს პატიმრობიდან გათავისუფლებული იასე გზაში გარდაიცვალა.

იასეს ცოლად ჰყავდა ქეთევანი, თავად ედიშერ ჩოლოყაშვილის ასული, მეფე თეიმურაზ II-ის დის, მარიამის (მაკრინე) შვილი (გ. 1791). 1739 წელს შანშეს რუსეთში ლტოლვილობისას ქეთევანი ბაზალეთის გზაზე ხელთ იგდო ბარძიმ არაგვის ერისთავის ძმამ, უთრუთმა, რომელმაც მას ნამუსი აჰხადა და შემდეგ არაგვის ერისთავებთან სტუმრად მყოფ ყიზილბაშებს გადასცა. სამშობლოში დაბრუნებულმა შანშემ არაგვის ერისთავებზე შური იძია, 12000 ლეკით აიღო ანანურის ციხე, ბარძიმი სიკვდილით დასაჯა, ხოლო უთრუთი და მისი თანმხლები პირები ალყაშემორტმულ კოშკში დაიწვნენ.

იასე ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობასაც, არის ავტორი ბახტრიონის აჯანყების გმირებისადმი მიძღვნილი ჰიმნისა, ისე წილკნელის აკროსტიქული შესხმისა, გამლექსავი საბას ლექსიკონის თავსართი ასოებისა. იასეს დაკვეთით გამოიცა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა შემცველი დიდი ხელნაწერი, ასევე მისი და მისი ძმის ხელშეწყობით ახალგორში ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა გარეჯელი მწიგნობარი ექვთიმე ბარათაშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვრიტიშვილი დ. ურთიერთობა ქსნისა და არაგვის ერისთავებს შორის. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. თბ., 1951 წ. ნაკვ. 19. გვ.46-47.
  • ალ ჯამბაკურ-ორბელიანი. მეფის ირაკლი მეორის ცოტცოტა ანბები, ანუ ზოგიერთი მაშინდელი პირნი. კაკაბაძე ს. წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის. წ. 1. თბ., 1914. გვ.46-47.
  • ქეთევან ჩოლოყაშვილი - იესე ყულარაღასისი მეუღლე : (დაახლოებით 170?-1780) // ქსნის ერისთავიანთ ქალები : წ.1 : XIV-XIX სს. / ვიტალი ქენქაძე. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-7200-0. - გვ.18-22, 50.