ანანურის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანანურის კომპლექსი. კოშკი „შეუპოვარი” (ცენტრში).

ანანურის ბრძოლა — ბრძოლა ქსნისა და არაგვის საერისთავოების ჯარებს შორის 1739 წელს. დასრულდა შანშე ქსნის ერისთავის მიერ ანანურის აღებით, გადაწვითა და არაგვის ერისთავთა დაღუპვით.

შანშე ქსნის ერისთავის ანანურზე გალაშქრების უშუალო მიზეზი გახდა მისი რუსეთში ლტოლვილობის დროს მისი ძმის, იასე ყულარაღასის მეუღლის, ქეთევანის დატყვევება და გაუპატიურება ბარძიმ არაგვის ერისთავის ძმის, უთრუთის მიერ. სამშობლოში დაბრუნებულმა შანშემ 12000 ლეკი დაიქირავა და შურისძიების მიზნით ანანურს ალყა შემოარტყა. ბარძიმმა და უთრუთმა მომხდურებს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მოალყეების მიერ წყალსადენის გადაკეტვის შემდეგ ციხის დამცველებს გაუჭირდათ. ბარძიმმა შანშესგან უვნებლობის ფიცი მიიღო და დანებდა, უთრუთი კი კოშკ „შეუპოვარში“ გამაგრდა და ბრძოლა განაგრძო. განრისხებულმა შანშემ ბარძიმი სიკვდილით დასაჯა, შემდეგ ანანურის ციხეში შეიჭრა, მონასტერი აიკლო და კოშკი გადაწვა. უთრუთი, მისი ოჯახი და თანმხლები პირები ხანძარმა იმსხვერპლა.

ბრძოლის შემდეგ არაგველებმა კოშკი ამოქოლეს და დაღუპულთა სამარხად აქციეს. 1939 წელს კოშკი არქეოლოგებმა გახსნეს; ნახანძრალი სავსე აღმოჩნდა დიდებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვრიტიშვილი დ. ურთიერთობა ქსნისა და არაგვის ერისთავებს შორის. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. თბ., 1951 წ. ნაკვ. 19. გვ.46-47.
  • ალ ჯამბაკურ-ორბელიანი. მეფის ირაკლი მეორის ცოტცოტა ანბები, ანუ ზოგიერთი მაშინდელი პირნი. კაკაბაძე ს. წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის. წ. 1. თბ., 1914. გვ.46-47.
  • ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. თბ., 1988. გვ.92.
  • ქეთევან ჩოლოყაშვილი - იესე ყულარაღასისი მეუღლე : (დაახლოებით 170?-1780) // ქსნის ერისთავიანთ ქალები : წ.1 : XIV-XIX სს. / ვიტალი ქენქაძე. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-7200-0. - გვ.18-22