თოჯინების თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თოჯინების თეატრითეატრის სახეობა, რომელშიც თოჯინები მოქმედებენ. თოჯინას ამოძრავებს მაყურებლისთვის უხილავი მსახიობი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თოჯინების თეატრს საფუძველი ჩაეყარა წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და თამაშობებში რელიგიურ-მისტერიული სანახაობებიდან. ძველ ეგვიპტეში ძვ. წ. XVI სუაკუნეში თოჯინების თეატრში წარმოადგენდნენ მისტერიას ოსირისსა და ისიდაზე. თეატრალური თოჯინები მოხსენიებულია ჰეროდოტეს, ქსენოფონტის, არისტოტელეს, ჰორაციუსის, მარკუს ავრელიუსის და სხვათა თხზულებებში. თოჯინების თეატრის უძველესი ტრადიცია აქვთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს. ძვ. წ. I საუკუნეში თოჯინების თეატრი აღმოცენდა ჩინეთში. იაპონიაში ის XI საუკუნიდანაა ცნობილი. XI საუკუნეში ევროპაში თოჯინების თეატრის წარმოდგენები იმართებოდა ეკლესიებსა და მონასტრებში ბიბლიურ სიუჟეტებზე. მათი მთავარი პერსონაჟი იყო წმინდა მარიამი. აქედან მოდის რომანულ-გერმანულ ენებში თოჯინის აღმნიშვნელი სიტყვა „მარიონეტი“. თანდათან თოჯინების თეატრის რეპერტუარში შეიჭრა მიწიერი თემატიკა, ამიტომ თეატრი ეკლესიიდან გააძევეს. მას შემდეგ იგი დამკვიდრდა მოედნებსა და ბაზრობებზე. XIV საუკუნის იტალიაში ის ჩამოყალიბდა როგორც ხალხური სატირული ხელოვნება, რომლის მთავარი გმირი იყო პულჩინელა. XVII საუკუნეში ანალოგიური თეატრი დამკვიდრდა საფრანგეთში (პოლიშინელი), ინგლისში (პანჩი), გერმანიაში (ჰანსვურსტი, შემდეგ კაშპერლე), ჩეხეთში (კაშპარეკი), რუსეთში (პეტრუშკა) და სხვა ქვეყნებში. XIX საუკუნის ევროპაში თოჯინების თეატრში ასრულებდნენ ტრადიციულ პიესა-მიმოხილვებს, მოხეტიალე სიუჟეტებს დონ-ჟუანზე, ფაუსტზე და სხვა. გოეთემ ფაუსტის სიუჟეტი ისესხა თოჯინების თეატრიდან. თოჯინების თეატრისთვის პიესებს წერდნენ ე. ჰოფმანი, ანატოლ ფრანსი, მორის მეტერლინკი, ბერნარდ შოუ. XX საუკუნის I ნახევარში შეიქმნა პროფესიული თოჯინების თეატრები ბავშვებისა და მოზარდებსთვის.

თოჯინების თეატრი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში თოჯინების თეატრის ელემენტებს შეიცავდა ქართული წარმართული სანახაობები. VII საუკუნის დასაწყისში იმართებოდა რელიგიურ-მისტერიული თოჯინების თეატრის წარმოდგენები, რომლებიც თანბდათან კარგავდნენ რელიგიურს და იძენდნენ საერო შინაარსს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილი იყო თოჯინების თეატრი „დედოფალების კარავი“. ერთ-ერთი პირველი ქართველი მეთოჯინეები იყვნენ ლ. და ნ. ტორაძეებიდა დ. ჭითავა. 1934 წელს დაარსდა თბილისის, 1935 წელს რუსთავის, 1936 წელს ბათუმის ხოლო 1946 წელს ქუთაისის თოჯინების თეატრები. თვითმოქმედების თოჯინების თეატრები მოქმედებდა გორსა და თელავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 698, თბ. 1979 წელი.
  • ცაგარეიშვილი, ს. „ქართული თოჯინების თეატრის ისტორიისთვის“, თბილისი, 1972
  • ღოღობერიძე, ნ. „ქართული ხალხური დედოფალების კატალოგი“, თბილისი, 1968
  • ცაგარეიშვილი, ს. „თოჯინების თეატრის ელემენტარული საკითხები“, თბილისი, 1955
  • ჯანელიძე, დ. „ქართული თეატრის ხალხური საწყისები“, თბილისი, 1948