თორი არის კოლოსალური ძალის მქონე მეომარი. მაგიური სარტყელი მას კიდევ უფრო ჰმატებს სიძლიერეს: რაც უფრო ძლიერ მოიჭერს სარტყელს, მით უფრო მეტი ძალა ეძლევა. მისი იარაღი არის დიდი საომარი ურო — მიოლნირი, რომელიც ლოკეს დავალებით იქნა გაკეთებული ორი ნაინის, სინდრის და ბროკრის მიერ. მიოლნირის გაქნევის შემდეგ ეს საომარი ურო მუდამ თავის მფლობელს, თორს, უბრუნდება და მზად არის ხელახალი ბრძოლისთვის. თორი ცას კვეთს ორი მაგიური თხის, ტანგნიოსტისა და ტანგრისნირის მეშვეობით. ამავე დროს ეს ორი თხა თორის გამოულევი საკვებია. ის მათ წვავს და ჭამს. ძვლებს კი ტოვებს და მეორე დღეს თხები ცოცხლდებიან.
თორი არის ყველაზე ძლიერი ადამიანთა და ღმერთთა შორის. დარაჯობს მიდგარდს. ამასთანავე თორი ღმერთებს და ადამიანებს გიგანტებისგან იცავს. რაგნაროკის ჟამს იგი ლოკეს შვილს, დიდ ზღვის გველს, იორმუნგანდს ებრძვის და დაამარცხებს მას. მაგრამ იორმუნგანდი მაინც შესძლებს კბენას და თორს შხამით მოწამლავს. გველი პირველი იღუპება, ხოლო თორი კი ცხრა ნაბიჯის გადადგმას ახერხებს, რის შემდეგაც ეცემა.