თეოდორ სპადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თეოდორ სპადე (ლატვ. Teodors Spāde; დ. 7 მარტი, 1891, ვინდავა — გ. 25 ივლისი, 1970, თემირტაუ) — ლატვიელი საზღვაო მეთაური. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა რიგის პოლიტექნიკუმი, სანქტ-პეტერბურგის კადეტთა კორპუსი და საფრანგეთის საზღვაო აკადემია. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში საზღვაო ოფიცრის რანგში მსახურობდა შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო-საზღვაო ფლოტში, რომელიც ექვემდებარებოდა ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ ამიერკავკასიის, ბოლოს კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. ბათუმის მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ნადეჟდა შველიძეზე (1917). მეთაურობდა ნაღმზიდს, აგრეთვე ჩქარმავალ კატერთა რაზმს. ქართველ მეზღვაურთა ნაწილთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა საქართველოში შემოჭრილ ოსმალეთის იმპერიის არმიას, რომელმაც საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორია მიიტაცა (1918). ექვსი თვე გაატარა ტყვეობაში, საიდანაც თავისმა მეუღლემ გამოისყიდა. სამშობლოში დაბრუნების (1920) შემდეგ, მსახურობდა ლატვიის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში, რომელსაც 1931-1940 წლებში ადმირლის რანგში ხელმძღვანელობდა. დაჯილდოებულია ლატვიის, საფრანგეთის, შვედეთის, პოლონეთის, ლიტვისა და ესტონეთის საპატიო სახელმწიფო ჯილდოებით. მისი მეუღლე ნ. შველიძე (გარდაცვლილი 1937) დიდ თანადგომას იჩენდა ლატვიაში მცხოვრებ ქართველთა საზოგადოების მიმართ. სსრკ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ლატვიის ოკუპაციის (1940) შემდეგ დააპატიმრეს. გათავისუფლების (1954) შემდეგ გადაასახლეს ყაზახეთის ქალაქ თემირტაუში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. მისი ნეშტი გადაასვენეს და დაკრძალეს რიგაში. 2014 წლის ნოემბერში, ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის ოფიციალური ვიზიტისას, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელსაც ქართულ და ლატვიურ ენებზე აწერია:

ლატვიის სამხედრო ფლოტის ადმირალს თეოდორ სპადეს (1891-1970) საქართველოს სამხედრო ფლოტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 415, თბ., 2018 წელი.