თაგვანა (ლათ.Sicista) — მღრღნელების გვარი თაგვანასებრთა (Sminthidae) ოჯახისა. გავრცელებული არიან ევრაზიის ბორეალურ ნაწილში. გარეგნულად ერთმანეთისგან მცირედ განსხვავდებიან და სახეობების რაოდენობა ბოლომდე დადგენილი არ არის. მოიცავს 20-მდე სახეობას.[1] სხეულის სიგრძეა 5–9 სმ, კუდისა — შესამჩნევად გრძელი — 6,5–11,6 სმ. თავი შედარებით დიდია, ყურები და თვალები ასევე დიდი ზომისაა. უკანა კიდურები წინებს სიგრძეში 2-ზე მეტჯერ აღემატება. ზურგი შეფერილია ყვითელ-ქვიშისფერიდან მუქ ყავისფრამდე, რიგ სახეობებს ზურგია შუაში გასდევს მუქი ზოლი. აქტიურები არიან შებინდებისას და ღამით. თავშესაფრებს პოულობენ მღრღნელების სოროებში, ფესვების ქვეშ არსებულ სიცარიელეებში, ფუტურო ჯირკებში. ტყის თაგვანა (S. betulina) თხრის მოკლე და სწორ სოროებს, ამოსასვლელს კი ხმელი ფოთლების „საცობით“ ფარავს. ტემპერატურის დაცემისას და აქტივობის პერიოდებს შორის შესვენებებში ახასიათებთ გაშეშებები. ზამთარს ძილში ატარებენ, გორგალივით დაეხვევიან და კუდს სხეულის გარშემო შემოიტარებენ. იკვებებიან თესლებით, კენკრით, მცენარის წვნიანი ნაწილებით. რაციონში შესამჩნევი ადგილი უკავია მწერებსა და სხვა უხერხემლო ცხოველებს. წელიწადში ერთხელ მრავლდებიან, ერთ დაყრაზე შობენ 3–7 ნაშიერს. რიცხოვნობა ყველგან არც ისე დიდია, მაგრამ სტაბილური.[1]სომხური თაგვანა (S. armenica) შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში როგორც კრიტიკულ საფრთხეში მყოფი სახეობა.[2] სამი სახეობა — კავკასიური (S. caucasica), ქლუხორისა (S. kluchorica) და ყაზბეგური (S. kazbegica) — შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[3]