თაბორი (თბილისი)
...
თაბორის ციხე, ყორჩი-ყალა — ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე და თანამედროვე ეკლესია თბილისში, ქალაქის ძველ უბანში, თაბორის ქედის ბოლოს, ბოტანიკური ბაღის თავზე. შემორჩენილია ციხის საძირკვლის ნანგრევები. წყაროებში მოხსენიებულია ყორჩი-ყალას სახელწოდებითაც. თაბორის ციხე დარაჯობდა სამხრეთიდან თბილისში მიმავალ გზას. ციხის შიგნით თავდაცვითი ნაგებობები და ეკლესია იდგა, რომელიც XXI საუკუნეში აღადგინეს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„თავისი მდებარეობით თბილისი ტაფობს მოგვაგონებს, რომელიც მთაგორებით არის შემოფარგლული, თითოეული მთის სახელწოდება წინაქრისტიანულ თუ ქრისტიანულ რელიგიასთან არის დაკავშირებული“, — წერს თ. ბერიძე. თბილისს სამხრეთით, მტკვრის მარჯვენა მხარეს ეკვრის თაბორის მთა, რომელიც თრიალეთის ქედის ერთ-ერთი განშტოებაა. მთის — თაბორის სახელი ქართულში ქრისტიანულმა რელიგიამ შემოიტანა. ამ მთაზე მოხდა ქრისტეს ფერისცვალება.
თაბორის ციხე წყაროებში პირველად იხსენიება 1045 წელს, როცა მეფე ბაგრატ IV-მ ქალაქი და ციხე-სიმაგრე დაიკავა „... შეიყვანეს და მოავლეს ქალაქი, ასხმიდეს დრამასა და დრაჰკანსა, და მოართუნეს კლიტენი ქალაქისანი, დაშეიყვანეს საამირაოსა დარბაზსა. დაჯდა მეფე ბაგრატ საურავად. აღიხურა კოშკნი კართანი თავის კაცითა, და აღიღო ციხე ქალაქისა დარიჯელი, და ორნივე კოშკნი წყალყინისანი და თაბორი, დადაადგინნა შიგან ლაშქარნი თვისნი და ერისთავნი“.
1630-იან წლებში მეფე როსტომმა აღადგინა1618 წელს სპარსეთის შაჰის აბას I–ის შემოსევის დროს დანგრეული თაბორის ციხეც და ეკლესიაც. ამის შემდეგ თაბორი დიდხანს აღარ იხსენიება და გვხვდება 1723 წლის ჩანაწერში. თაბორის ციხე კახეთის მეფემ კონსტანტინე II-მ, მაჰმადიყული-ხანმა დაიკავა „შეეპარნენ თაბორსა ჯარი ქართველთა, აიღეს თაბორი, დაესხა მეფე ვახტანგ, დილასა განთიადისასა კახს ბატონსა, ბრძანებითა ღთისათა გაემარჯვნა“.
თუმცა, 1735 და1743 წლებში თაბორის ციხე სპარსელებმა ისევ დაანგრიეს – „დააქცია ციხე გორისა, ქალაქს თაბორი“. 1747 წლამდე ქართველებს მხოლოდ თბილისი ეკავათ. მისი ციხეები - მეტეხი, ნარიყალა და თაბორი ყიზილბაშებს ეპყრათ. თაბორი მტერს ისე ძლიერად ჰქონდა გამაგრებული, რომ კახეთის მეფემ ერეკლემ გორიდან დიდი ზარბაზანი ჩამოატანინა. ასე შეძლეს ციხის აღება ქართველებმა. ამის შემდეგ მეფე ერეკლემ სწრაფად შემოავლო თაბორის ციხეს გალავანი და შიგ კახთა ჯარი ჩააყენეს. მაგრამ მოღალატეების დახმარებით აღამაჰმად-ხანმა ისევ აიღო და დაარბია თბილისი და მასთან ერთად თაბორის ციხეც.
1776 წლის წყალობის სიგელში ვხვდებით თაბორის უცხოენოვან თურქულ სახელს „ყორჩი-ყალა“ ანუ მცველი ციხე. რუსი მოხელის მიერ შედგენილ 1800 წლის თბილისის გეგმაზე თაბორის ქედზე დგას „გაძარცული ციხე-სიმაგრე ყორჩი-კალა“. ციხე საბოლოოდ დაინგრა 1795 წელს სპარსელებსა და ქართველებს შორის თბილისის მისადგომებთან გამართული ბრძოლის დროს. 1801 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთს შეუერთდა, თბილისი აღარ საჭიროებდა დამცველ ციხეებს, ამიტომ თაბორის ციხე აღარ აღუდგენიათ. ამჟამად მისგან მხოლოდ ციხის საძირკველის ნაშთებია შემორჩენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტყეშელაშვილი ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 557.
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985.
- ტყეშელაშვილი თ., თბილისი, მეგზური, თბ., 1976
- თბილისის ისტორია, შ. მესხის რედ., თბ., 1958;
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8066