ზოლოტოვსკოეს ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზოლოტოვსკოეს ნაქალაქარი (რუს. Золотовское городище) — არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც არსებობდა შუა საუკუნეებში კუნძულ კორკინზე, ადგილზე სადაც ერთდებიან მდინარე დონი და ჩრდილოეთის დონეცი. ნაქალაქარის ტერიტორია მდებარეობს როსტოვის ოლქის კონსტანტინოვსკის რაიონში, სტანიცებს ნოვოზოლოტოვსკაიასა და სტაროზოლოტოვსკაიას შორის[1]. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ზოლოტოვსკოეს ნაქალაქარი ქალაქ ახასის ნარჩენებია. ზოლოტოვსკოეს ნაქალაქარი გამოიკვლია ევგრაფ საველიევმა 1905 წელს, მისი მდებარეობის მიხედვით შეიქმნა გეგმა, რომელიც გადაეცა დონის მუზეუმს[2]. მკვლევრების აზრით, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ კასოგები და სლავები[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ზოლოტოვსკოეს ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოკვლევებს ატარებდა ისტორიკოსი ევრ=გრაფ საველიევი. ამ პერიოდში ნაქალაქარს ეწოდებოდა „სადკი“. კუნძულის მთელი ტერიტორია, რომელიც გამოიკვლიეს, მოფენილი იყო სხვადასხვა ფორმისა და ზომის ორმოებით, ასევე დიდი და პატარა ყორღანებით. ძველ ნაწილში აღმოაჩინეს უზარმაზარი ქვის კედლის ნაშთები. ადრე მასზე მდებარეობდა კოშკები,რომელთა შორის დაშორებაც იყო 21,3 მეტრი. კედლის სიგრძეა 1066,7 მეტრი. კედლის ასაგებად ქვა მოიტანეს მდინარე დონის მარჯვენა სანაპიროდან. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ნაქალაქარი ქალაქ ახასას შემორჩენილი ნაწილია[3].

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს როსტოვის ოლქის კონსტანტინოვის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოლოტოვსკოეს ნაქალაქარის გამოსაკვლევად გაიგზავნა ექსპედიცია. მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოაჩინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი არტეფაქტი.

XXI საუკუნეშიც მკვლევარები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ეს უნდა იყოს XVI საუკუნეში არსებული[2] ქალაქ ახასას ქალაქის ნანგრევები[4], მაგრამ კონკრეტული ფაქტები არ არსებობს ამ მოსაზრების დასადასტურებლად, რადგან ზოლოტოვსკოეს ნაქალაქარი არქეოლოგებს პრაქტიკულად არ გამოუკვლევიათ[4].

არტეფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ ობიექტებს შორის, რომელიც აღმოაჩინეს XXI საუკუნის დასაწყისში ნაქალაქარის გამოკვლევისას არის მოშლილი ქვის ღუმელი, რომელიც აღმოჩენილია 80 სანტიმეტრის სიღრმეზე. ფინანსური პრობლემების გამო შურფი დაკონსერვდა შემდეგი გამოკვლევისათვის. ამავე წელს შურფის გარშემო 5х8 მეტრის ფართობზე წარიმართა არქეოლოგიური გათხრები.

ნაქალაქარის ზედა კულტურული ფენა იწყება 0,3 მეტრის სიღრმიდან. მასში აღმოჩენილია ქვიშქავის ნივთები, ცხოველთა ძვლები, თევზები, კერამიკის ფრაგმენტები. კულტურული ფენის სისქეა 10-12 სმ.

შემდეგი კულტურული ფენა მდებარეობს 65-70 სანტიმეტრზე. მასში შემონახულია საცხოვრებლის ნაშთები. ამ ფენაში აღმოჩენილია სამზარეულოს ნივთები, ცხვრის ძვლები და მეტალის იარაღები.

ნაქალაქარის ერთ-ერთ ნაწილში აღმოჩენილია ფენა, რომლის სისქეცაა 3-5 სმ.

მკვლევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ნაქალაქარის ადგილზე მდებარეობდა მეთევზეთა დროებითი საცხოვრისი, ხოლო აღმოჩენილი ნივთები ეკუთვნის X-XII საუკუნეებს, რომლებიც დასახლებული იყო კასოგებითა და სლავებით[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]