შინაარსზე გადასვლა

ირინე ზაალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზაალიშვილი, ირინე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზაალიშვილი.

ირინე მიხეილის ასული ზაალიშვილი (დ. 19 მაისი, 1909, ქ. გორი, — გ. 6 ნოემბერი, 1976, თბილისი) — ქართველი პათოფიზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებთა დოქტორი (1955), პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1965).

ირინე ზაალიშვილი დაიბადა 1909 წელს ქალაქ გორში, გორის გიმნაზიის დირექტორის, მიხეილ ზაალიშვილის, ოჯახში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის 41–ე სკოლა ოქროს მედლით, შემდეგ კი მუსიკალური ტექნიკუმი.

1931 წლიდან 1936 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1936 წლიდან ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტია, 1948 წლიდან დოცენტი, 1955 წლიდან პროფესორი. 1955 წლიდან 1976 წლამდე, 20 წლის განმავლობაში იყო თსსი–ის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის გამგე. 1945 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1953 წელს კი სადოქტორო დისერტაცია. მისი შრომები ძირითადად პერიფერიული სისხლისმიმოქცევის თავისებურებებს ეხებოდა. პარალელურად 1947-1955 წლებში მუშაობდა კარდიოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტში. სხვა მრავალ სამეცნიერო ნაშრომთან ერთად, შეიმუშავა კაპილაროსკოპიული დაკვირვების სქემა და პერიფერიული სისხლის ძარღვების ტონუსის შესასწავლი ტესტი. 1965 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება. დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. იყო თბილისისა და საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე და ერთ–ერთი დამაარსებელი. გამოირჩეოდა პედაგოგოური საქმიანობით. პირველმა წაიკითხა ქართულად ლექცია პათოლოგიურ ფიზიოლოგიაში. პირველმა დაწერა პათოლოგიური ფიზიოლოგიის ქართული სახელმძღვანელო. ღრმა კვალი დატოვა საქართველოში პათოფიზიოლოგიის განვითარების და პათოფიზიოლოგთა სკოლის შექმნის საქმეში.

გარდაიცვალა 1976 წელს.