ვლადიმერ გრიგოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვლადიმერ გრიგოლია (დ. 28 ივნისი, 1903; სეფიეთი — გ. 11 იანვარი, 1977; თბილისი) — ქართველი მოქანდაკე და მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია დაიბადა აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში. 1928 წლიდან სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა. 1930 წელს თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1933 წლიდან იმავე აკადემიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1920-1930 წლებში. ძირითადად მუშაობდა როგორც მოქანდაკე. 1932 წლიდან გრაფიკაში მუშაობდა. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული წიგნის სამკაულისა და შრიფტის შექმნაში. ძველი ქართული ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების დეკორის საფუძველზე მან შექმნა წიგნის მორთულობის ახალი კომპოზიციები, ქართული შრიფტის ახალი ვარიანტები. მისმა ნაშრომმა — „ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი“ — საფუძველი ჩაუყარა სამხატვრო აკადემიაში შრიფტის სწავლების დისციპლინას. გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი წიგნი. მის მიერ მხატვრულად გაფორმებულია უნიკალური გამოცემები: „ვეფხისტყაოსანი“ (1937), აკაკი წერეთლის (1940), ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო გამოცემა, ქართული პოეზიის ანთოლოგია ინგლისურ ენაზე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ალაკტიონ ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიას წიგნები. დახატული აქვს გიორგი სააკაძისა და გრიგოლ ორბელიანის პორტრეტები. შექმნა კამერული ქანდაკებები: „სამშობლო“ (1928), „ქალიშვილის თავი“ (1928), „ქართველი ქალი“ (1928), შოთა რუსთაველის ძეგლის პროექტი (1936). მის საცხოვრებელ სახლში არის მხატვრის სახელოსნო, სადაც ხელოვნის არქივი და საინტერესო შემოქმედებითი მემკვიდრეობა ინახება.

1928-1929 წლებში იყო ქართველ ხელოვანთა საზოგადოების წევრი, 1930-1932 წლებში კი — მხატვართა გაერთიანების — „სარმა“ — წევრი. 1969 წელს ლადო გრიგოლიას საქართველოს სახალხო მხატვრის ტიტული მიენიჭა, 1973 წელს კი შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]