შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ აფხაზავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ აფხაზავა

2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1976 (1976-01-09) (50 წლის)
ნიგვზიანი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტი
საქმიანობა პედაგოგი; სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
აქტიური XXI საუკუნე
ჯილდოები 2017; 2019Global Teacher Prize, Top 10 ფინალისტი

ვლადიმერ (ლადო) აფხაზავა (დ. 9 იანვარი, 1976, ნიგვზიანი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პედაგოგი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. 2017 წელს გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;[1] 2019 წელს კი მოხვდა Global Teacher Prize-ის Top 10 ფინალისტთა შორის.[2]

აფხაზავა დაიბადა სოფელ ნიგვზიანში. 1993 წელს დაამთავრა ნიგვზიანის საშუალო სკოლა, ხოლო 1999 წელს — წარჩინებით ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი.[3]

2010 წლიდან მუშაობს სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, ხოლო 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.[1]

პედაგოგიური ხედვები და პროექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზავას მიზანია, მოსწავლეები ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად — დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოხატვა და ინიციატივების განხორციელება. სწავლების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროექტულ სწავლებას და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს; ხშირად ატარებს გაკვეთილებს არაფორმალურ სივრცეებში, რათა ყოველი მოსწავლე იყოს აქტიურად ჩართული.[1]

2003 წელს დააფუძნა არაფორმალური განათლების ბანაკი, რომელსაც მოსწავლეებმა „ლადოს ბანაკი“ უწოდეს.[4]

მისი ინიციატივით განხორციელდა არაერთი სკოლის მასშტაბის პროექტი: „დემოკრატიული რევოლუცია“ — სკოლის მენეჯმენტის განახლებისა და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერისთვის; „ეთნო რძლები“ — მულტიკულტურალიზმისა და ტოლერანტობის ხელშესაწყობად, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.[5]

საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტივობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის საქმიანობას აერთიანებს დევიზი — „ბავშვი უპირველეს ყოვლისა“. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვთა უფლებების დაცვას; თანამშრომლობს სოციალურ სამსახურებთან, ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა შრომით ექსპლუატაციასა და სასწავლო პროცესიდან მოწყვეტას (მათ შორის სეზონურ სამუშაოდ საზღვარგარეთ გასვლას). აფხაზავა აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან — არა მხოლოდ საკუთარ სკოლაში, არამედ რეგიონულ და ეროვნულ დონეზე — გამოცდილებისა და მეთოდოლოგიური სიახლეების გასაზიარებლად.[1]

2017 წლის 5 ოქტომბერს აფხაზავას გადაეცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და გახდა მისი პირველი მფლობელი.[1] 2018 წლის 13 დეკემბერს მოხვდა Global Teacher Prize-ის Top 50 სიაში,[6] ხოლო 2019 წლის 21 თებერვალს — მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის Top 10 ფინალისტს შორის.[2][7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ვლადიმერ აფხაზავა — 2017 წლის გამარჯვებული ka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-31. ციტირების თარიღი: 2025-09-28.
  2. 2.0 2.1 2019 — Top 10 finalists en. ციტირების თარიღი: 2025-09-28.
  3. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-18. ციტირების თარიღი: 2025-09-28.
  4. მე არ ვარ ჩვეულებრივი მასწავლებელი — ლადო აფხაზავა ka (2017-11-22). ციტირების თარიღი: 2025-09-28.
  5. „ძალიან ბედნიერი ვარ…“ — ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალშია ka. ციტირების თარიღი: 2025-09-28.
  6. ვლადიმერ აფხაზავა მსოფლიოს მასშტაბით 50 საუკეთესო მასწავლებელს შორისაა ka (2018-12-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-24. ციტირების თარიღი: 2019-01-08.
  7. ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალშია ka (2019-02-21). ციტირების თარიღი: 2025-09-28.