შინაარსზე გადასვლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლანჩხუთის რაიონი)
ადმინისტრაციული ერთეული
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
ადმ. ცენტრი ლანჩხუთი
კოორდინატები 42°05′15″ ჩ. გ. 42°02′10″ ა. გ. / 42.08750° ჩ. გ. 42.03611° ა. გ. / 42.08750; 42.03611
მერი ალექსანდრე სარიშვილი
ფართობი 533 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 31 486[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 59,1 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,89 %
რუსები 0,50 %
სომხები 0,32 %
უკრაინელები 0,11 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 89,88 %
მუსლიმები 8,86 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (494)
საფოსტო ინდექსი 2800–2899
ოფიციალური საიტი https://lanchkhuti.gov.ge/
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გურიის მხარე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, გურიის მხარეში.[4] ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანჩხუთი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებულია ქვის ხანიდან. ადრე ბრინჯაოს ხანიდან ქალაქური ცხოვრების წესს ადასტურებს შუხუთის ციხე-ქალაქის არსებობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში. 1930 წლიდან ცალკე რაიონია. საბჭოთა პერიოდში გამოიცემოდა რაიონული გაზეთი „სოციალისტური შრომა“. 2006 წლიდან ეწოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვის 7 კმ-იანი სანაპირო ზოლი, აღმოსავლეთით სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ხობის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ტერიტორია — 533 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 270 კვ.კმ. ხოლო 15 000 ჰექტარი დაკავებული აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკს, 17 927 ჰა კი ტყეებს.

მუნიციპალიტეტში ვაკე და გორაკ-ბორცვიანი რელიეფია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი უკავია გურიის დაბლობს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი კი გურიის ქედს. დაბლობი მეოთხეული ნალექებით — რიყნარით, თიხნარითა და ქვიშნარით აგებული ბრტყელი აკუმულაციური ვაკეა, რომლის შუა ნაწილი ყველაზე დაბალი ადგილია (ზღვის დონიდან 20 მეტრზი). ზღვის სანაპიროზე გავრცელებულია ზღვიური დიუნები, რომლებიც ხელს უშლის ზედაპირული წყლების ზღვაში ჩადინებას, რაც ჭაობების და ტბების წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზია. გურიის სერი აგებულია ზედაცარცული კირქვებით, შუა და ზედამიოცენისა და ქვედაპლიოცენის ტერიგენული ნალექებით, ზედაპლიოცენის თიხებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებით. დამახასიათებელია პატარა ანტლიკინები და სინკლინები, რომლებიც რელიეფში კარგად არის გამოხატული. სერის დასავლეთი ნაწილი დაბალია (200-400 მ), აღმოსავლეთი კი თანდათან მაღლდება და 500-600 მეტრამდე აღწევს (მთა საირაო 478 მ., მთა სამება — 523 მ., მთა ტალახა — 660 მ.).

სერის ჩრდილო კალთის გასწვრივ გაჭიმულია ვიწრო დაბალბორცვიანი მთისწინეთი. იგი აგებულია პლიოცენის თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით, რომლებსაც აღმოსავლეთით ეოცენის ვულკანოგენური დანალექები — ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფ-ქვიშაქვები და ანდეზიტური განფენები ცვლის. მთისწინეთის რელიეფი ძლიერ არის დანაწევრებული და საფეხურებრივად არის განლაგებული. ხასიათდება ზღვიური და მდინარეული ტერასული ზედაპირებით. სერის სამხრეთ კალთა შემოფარგლულია ბორცვიანი მთისპირა ვაკით, ეს ზოლი მდინარეთა ხეობებით ძლიერ დანაწევრებული ტერასული რელიეფით გამოირჩევა და აღმოსავლეთ ნაწილში აგებულიაეოცენის, ოლიგოცენისა და მიოცენის ვულკანოგენური და თიხიან-ქვიშიან მერგელოვანი წყებებით, ხოლო დასავლეთ ნაწილში მიოცენური და პლიოცენური თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით.

გურიის დაბლობსა და გორაკ-ბორცვებზე 200 მ. სიმაღლემდე ზღვის ნოტიო ჰავაა, რბილი, თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხული, მუსონური ხასიათის ქარებით. გურიის სერზე, 200 მ. ზემოთ კი ასევე ზღვის ნოტიო ჰავაა, მაგრამ ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 13 °C-დან 13,8 °C-მდეა, იანვრისა 3,8-4,6 °C, ხოლო აგვისტოსი 21,8-23,1 °C. აბსოლუტური მინიმალური -18-20 °C-მდე ეცემა, მაქსიმუმი კი 39-41 °C-მდე ადის. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 2400 მმ-ს აღწევს (ხიდმაღალა). ზღვიდან დაშორების მიხედვით ნალექები მცირდება (ნიგოითი 1830 მმ.), თუმცა გორაკ-ბორცვიან ზონაში მაინც 2000 მმ-ზე მეტია. ნალექები თოვლის სახით იშვიათია, თუმცა განსაკუთრებით მკაცრ ზამთარში თოვლის საბურველის მაქსიმალური სიმაღლე 115 სმ აღწევს. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო ხოლო ყველაზე მშრალი აპრილი და მაისი. ყველაზე მეტი ნალექიანობით ხასიათდება აგვისტო და ნოემბერი. ზაფხულობით გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთის ქარი, ხოლო ზამთრობით — ჩრდილო აღმოსავლეთის ქარი. ზოგჯერ ქრის ფიონი. ქარის საშუალო წლიური სიჩქარეა 2,2 მ/წმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელია. ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა სუფსა, რომლის ქვემო დინება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებშია. იგი წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. წყალმცირობა — ზაფხულის მეორე ნახევარსა და ზამთარში. სხვა მდინარეებია: ფიჩორი, ლესისწყალი, შუთი, გომახურისწყალი, წყალწითელა და სხვა. ეს მდინარეები წვიმის და მიწისქვეშა წყლით საზრდოობენ. წყალდიდობა იციან შემოდგომასა და ზამთარში, წყალმოვარდნა მთელი წლისგანმავლობაში, წყალმცირობა — აპრილსა და მაისში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბები: პალიასტომის ტბა, იმნათის ტბა, ჯაპანას ტბა და გრიგოლეთის ტბა.

ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულია დაჭაობებული ნიადაგები, მდინარე სუფსის ქვემო დინების გასწვრივ — ალუვიური უკარბონატო ნიადაგები. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ტორფიან-ჭაობიანი და ჭაობის ლამიანი ნიადაგები. მას სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკვრის ეწერ-ლებიანი ნიადაგების ზოლი. გურიის სერის კალთებზე წითელმიწა და გაეწერებული წითელმიწა ნიადაგებია. მცირე ფართობი უჭირავს ყვითელ მიწებს, ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებს. სერის თხემზე სუსტად განვითარებული, მცირე სისქის, ზოგან ჩამორეცხილი ნიადაგებია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი მცენარეული საფარი ადამიანის ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია. შავი ზღვის სანაპიროზე განვითარებულია ზღვისპირა ქვიშნარის მცენარეულობა, რომელსაც ისლიანი და მარცვლოვანი ჭაობის მცენარეულობა აკრავს. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია კოლხური ჭაობიანი მურყნის ტყეები, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვრცელდება ლეშამბოიანი ტყეების ზოლი, რომელსაც მოსდევს თხმელის, მუხისა და რცხილის დაბლობის ტყეები. ქვეტყეში უხვადაა გავრცელებული შქერი, ბაზგი და სხვა მარადმწვანე ბუჩქი. ასეთივე მცენარეულობაა გურიის სერის მთისწინეთშიც. სერის კალთების ზედა ნაწილში ადრე მარადმწვანე ქვეტყიანი წიფლრნარ-რცხილნარი იყო, რომელიც დღეს მცირე ფართობზეა შემორჩენილი.

გურიის დაბლობის ჭაობიან ტყეებში შემორჩენილია შველი და წავი. გორაკ-ბორცვებზე, სერის ტყიან კალთებზე გვხვდება ტურა, მგელი, მაჩვი, კურდღელი, ნუტრია, თხუნელა, თაგვი, ტყის თაგვი, ვირთაგვა. ფრინველებიდან ძერა, ქორი, შევარდენი, იხვი, ჩხიკვი, ყანჩა, ტყის ქათამი, მოლაღური, სკვინჩა, ბეღურა, შაშვი, ჩხართვი და სხვ. ჭაობიან ტყეებში ბუდობს ჩვეულებრივი ხოხობი, არის მწყერი. ტბებში გვხვდება თევზის სახეობები: კაპარჭინა, ჭანარი, ჭერეხი, კობრი, ლოქო, ფარგა, ქორჭილა. მდინარეებში არის ქაშაპი, კოლხეთის ციმორი, წვერა, კობრი, ლოქო, ღორჯო და სხვა. მდინარე სუფსის ქვემო წელში გავრცელებულია კოლხური კვირჩხლა, კოლხური ხრამული, ჭერეხი, ლიქორა, ბლიკა.

  1. ზღვისპირა ქვიშიან-ხრეშიანი დიუნები ფსამოფილური მცენარეულობით
  2. დაბლობის ჭაობები ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგ-მცენარეული საფარით
  3. დაჭაობებული დაბლობი უმთავრესად მურყნარითა და ლებიან-ჭაობიანი ნიადაგებით
  4. დახრილი ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით
  5. ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებით
  6. ჭალები ალუვიური ნიადაგებით და მდელო-ტყის მცენარეულობით

მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. მუნიციპალიტეტში ტორფის რამდენიმე საბადოა, მათ შორის ყველაზე დიდია იმნათის საბადო, იგი პალიასტომის ტბის აღმოსავლეთით მდებარეობს და მისი მარაგი 300 მილიონ მ³-ს აღემატება. ასევე ტორფის საბადოებია გრიგოლეთსა და სუფსაში. ნავთობის საბადოა სუფსასა და შრომისუბანში. ზღვის სანაპირო ზოლი შეიცავს მაგნეტიტს. შუხუთსა და ჯუნჯუათში მოიპოვება მერკელიანი კირქვა. სოფლებში აცანა, ზემო აკეთი და ქვემო აკეთი მოიპოვება თიხნარი მიწა. გულიანსა და ჯურუყვეთში მოდის გოგირდოვანი, ბაღლებში კი — ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რუკა

2014 წლის აღწერით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა არის 31 486 კაცი. სიმჭიდროვე — 59,1 კაცი კვ.კმ-ზე. ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით მოსახლეობის 98,89 % ქართველია, 0,50 % - რუსი. სარწმუნოებრივი შემადგენლობის მიხედვით მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ასევე არიან მუსლიმები (აჭარლები), ხოლო წყალწმინდაში ცხოვრობს 48 სტაროვერი რუსი. მუნიციპალიტეტში სულ 55 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 54 სოფელი.

აღწერის მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939 39 071 19 181 19 890
1959 40 031 18 252 21 779
1970 40 246 18 285 21 961
1979 40 890 18 884 22 006
1989 41 891 19 600 22 291
2002 40 347
2014 31 486
2021[5] 29 900

საბჭოთა პერიოდში რაიონის ეკონომიკის ძირითადი დარგი იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა, მათ შემდეგ კი მარცვლეულის წარმოება მეფრინველეობა და მეცხოველეობა. ფუნქციონირებდა 11 კოლმეურნეობა და 3 საბჭოთა მეურნეობა. მრეწველობაში მთავარი დარგები იყო კვების მრეწველობა და საშენ მასალათა მრეწველობა. მოქმედებდა ჩაის პირველადი გადამუშავების 5 ფაბრიკა, ასევე საკონსერვო, ყველ-კარაქის, პურ-ფუნთუშეულის, უალკოჰოლო სასმელების ქარხნები, საშენ მასალათა კომბინატი, სამკერვალო ფაბრიკა, თბოელექტროსადგური (186 კვტ სიმძლავრით), ტორფის ქარხანა სუფსაში, თევზის საჯიშე მეურნეობები ჯაპანასა და გრიგოლეთში.

ამჟამად მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და სუფსის ტერმინალი. მუნიციპალიტეტის საზღვაო ზოლში (წყალწმინდა, გრიგოლეთი) განვითარებულია ტურიზმი. სოფლის მეურნეობაში მისდევენ მეციტრუსეობას, მეცხოველეობას, მოჰყავთ თხილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის: რკინიგზის მონაკვეთი სამტრედია-მახინჯაური 35 კმ; საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12 (65 კმ) და საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2-ის მონაკვეთი; ასევე ჯაპანა-აბაშის (47 კმ), ლანჩხუთი-ოზურგეთისა და ლანჩხუთი-ნასაკირალის (45 კმ) საავტომობილო გზები. ადგილობრივი გზების სიგრძეაა 234 კმ.

მუნიციპალიტეტში არის 25 საჯარო სკოლა, 22 საბავშვო ბაღი 32 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი.

ადმინისტრაციული ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტი მოიცავს 16 ადმინისტრაციულ ერთეულს:

  1. ლანჩხუთი — ქალაქი ლანჩხუთი;
  2. აცანა — აცანა, ტელმანი;
  3. აკეთი — გაგური, ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი;
  4. გვიმბალაური — გვიმბალაური, ჯუნეწერი;
  5. ლესა — ლესა, ჭინათი;
  6. მამათი — კონჭკათი, მამათი, ქვემო მამათი, შათირი;
  7. მაჩხვარეთი — მაჩხვარეთი, ორაგვე, ჯუნმერე;
  8. ნიგვზიანი — არჩეული, ნიგვზიანი, ჩანჩეთი, ხაჯალია;
  9. ნიგოითი — ნიგოითი, ქვიანი, ჩოლობარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი;
  10. ნინოშვილი — ნინოშვილი, ყელა;
  11. სუფსა — ახალსოფელი, გრიგოლეთი, სუფსა, ტაბანათი, ჩქუნი, ხიდმაღალა.
  12. ღრმაღელე — ომფარეთი, ორმეთი, ღრმაღელე, წყალწმინდა;
  13. შუხუთი — ზემო შუხუთი, ქვემო შუხუთი;
  14. ჩიბათი — ზემო ჩიბათი, ქვემო ჩიბათი, ჭალა;
  15. ჩოჩხათი — გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი;
  16. ჯურუყვეთი — ბაღლეფი, ეწერი, ჯურუყვეთი;
პარტია 2017[6] 2021[7] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 27 20                                      
  ნაციონალური მოძრაობა 2 4        
  საქართველოსთვის 2    
  ლელო 1  
  ევროპული საქართველო 2
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 32 27  

ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ერთი ძეგლი — ჯიხეთის ეკლესია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს სოფელ არჩეულში.

სხვა ძეგლებიდან აღსანიშნავია აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია, აკეთის მაცხოვარი და ოქონის მონასტერი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლადაა ხელოვნური გამოქვაბულები (ხორეთი, ჩანჩეთი, ორაგვე, კოკათი, გაგური, ჩოჩხათი). ქალაქ ლანჩხუთში მოქმედებს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ბაღლებში შემორჩენილია სავარაუდოდ XIII საუკუნის ეკლესიის ნანგრევები.

  • აფხაზავა, ი., კვერენჩხილაძე, რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 122-124.
  • ღლონტი გ., ცერცვაძე გ., „გურიის რეგიონის აგრარული სექტორის ეკონომიკა“ — თბილისი, 2014, ISBN 978-9941-10-913-3

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. georgia-ethnic-2014
  3. georgia-religion 2014
  4. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
  5. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  6. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-16[მკვდარი ბმული]
  7. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-16[მკვდარი ბმული]