ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110211144517/საერო მწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საერო მწერლობა“

რობა მახარაშვილი

ძველი ქართული მწერლობის კლასიკურ პერიოდად ითვლება მთელი XII საუკუნისა და XIII საუკუნის პირველი მეოთხედის მწერლობა. ამ მწერლობის წინსვლა ჯერ ძლიერ შეაფერხა და შემდეგ ერთგვარად ჩაკლა მონღოლთა ბატონობამ საქართველოში.

კლასიკური პერიოდის ქართული მწერლობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს საერო მიმართულების აღმოცენება და მისი სწრაფი გაფურჩქვნა. როგორც, ცნობილია, V - XI საუკუნეების ქართულ მწერლობას ჰქონდა ქრისტიანული ხასიათი. ქრისტიანული ეკლესია უარყოფდა ამქვეყნიურ სინამდვილეს, ის მხოლოდ იმქვეყნიურ ცხოვრებაში ხედავდა ადამიანის დანიშნულებას . სასულიერო-საეკლესიო მწერლობის განსაზღვრებით, რეალური, მატერიალური, ანუ "ხილული” ქვეყანა არა-არსია, "აჩრდილია და წარმავალი” “ჟამიერი და განქარვებადი”. ნამდვილია, “ცხოველი” და მარადიული "საიქიო” ქვეყანა და "საიქიო” ცხოვრება. ქრისტიანული მოძღვრებით, ადამიანმა უნდა შეიძულოს წუთისოფელი, ჩაიკლას ვნებები, დაიტანჯოს და სიკვდილი მოიახლოოს, რომ ამით სულს მისცეს შვება და იმქვეყნიური ნეტარება დაიმსახუროს. ასკეტიზმის ამ მორალითაა გაჟღენთილი V - XI საუკუნეების ქართული მწერლობა.

სასულიერო-საეკლესიო მწერლობის ზეობის დროს თანდათანობით და ბუნებრივ ვითარებაში შემზადდა ნიადაგი და მომწიფდა პირობები საერო მიმდინარეობის აღმოსაცენებლად. საჭირო იყო ეკლესიის იდეოლოგიური ბატონობის უღლისაგან თავის დაღწევა. ეს კი შეიძლებოდა ეკლესიის პოლიტიკური უფლებების შეკვეცით.ძლიერმა, გაერთიანებულმა და ცენტრალიზებულმა სახელმწიფომ უზრუნველყო ეს პირობები.

გამოყენებული ლიტერატურა[წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული ლიტერატურის ისტორია, მე-2 ტომი.