ვეძათხევის მარიამწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეძათხევის მარიამწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, პატარა გორაკზე. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია დიდი ზომის ტლანქად დამუშავებული შირიმის ქვითა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. გადახურვა ჩამონგრეულია, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2 მეტრს არ აღემატება. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი შიგნით თაღოვანია, გარედან გადახურულია მოზრდილი ქვით. ნალისებრი აფსიდის ღერძე გაჭრილ სარკმელს წირთხლები და გადახურვა ჩამოშლილი აქვს. სარკმლის სამხრეთით პატარა სწორკუთხა ნიშია. ეკლესიას სამხრეთიდან, დიდი ზომის გათლილი შირიმის ქვითა და ნატეხი ქვით ნაგები, გვიანდელი მინაშენი ეკვროდა. შემორჩენილია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი და დასავლეთ კედლის წყობის რამდენიმე რიგი. ორივე მხრიდან თაღოვანი შესასვლელი მინაშენის სამხრეთ კედლის შემორჩენილ ნაწილშია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებზედაც კამარის საბჯენი თაღი იყო დაყრდნობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]