ვერონიკა თუმანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვერონიკა თუმანიშვილი
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1922
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი, 2009 (87 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის კონსერვატორია
საქმიანობა მუსიკოსი, პიანისტი, მუსიკის პედაგოგი
მეუღლე(ები) გიორგი კეჩხუაშვილი
მშობლები მამა: ივანე თუმანიშვილი
დედა: მართა ვაჩნაძე

ვერონიკა თუმანიშვილი (დ. 19 აპრილი, 1922 — გ. 30 ივლისი, 2009) — ქართველი მუსიკოსი, პიანისტი და მუსიკის დამსახურებული პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერონიკა თუმანიშვილი დაიბადა 1922 წლის 19 აპრილს, თბილისში. დედა, მართა ვაჩნაძე — პროფესიით მუსიკოსი იყო. მამა —ივანე თუმანიშვილი, იურისტი, დიპლომატი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.[1]

მშობლები ადრეულ ასაკში დაეღუპნენ. ათი წლის იყო, როდესაც დედა მოულოდნელი დაავადებით გარდაეცვალა. მამა კი 1937 წლის სტალინისტური რეპრესიებს შეეწირა. ვერონიკას აღზრდა ბებიამ და დეიდებმა ითავეს.

ექვსი წლიდან ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერ ბავშთა სკოლა-ინტერნატში, (შემდგომში ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლა), პროფ. ანა თულაშვილის კლასში, რომელიც იყო ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ვერონიკამ განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი ადრინდელ ასაკში გამოავლინა და ბევრი გამოჩენილი მუსიკოსის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის რუსი პიანისტების, ჰენრიხ ნეიგაუზისა და მარია იუდინასი, რომლებმაც დიდი შეფასება მისცეს მის საშემსრულებლო ხელოვნებას.[2]

ოსტატობის დახვეწა თბილისის კონსერვატორიაში განაგრძო პროფ. ალექსანდრე იოხელესთან. თუმცა ხელების დაავადების გამო საკონცერტო კარიერაზე უარის თქმა მოუწია და მთელი თავისი გამოცდილეობა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოახმარა.[3]

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში („ნიჭიერთა ათწლედი“), სადაც აღზარდა არაერთი გამორჩეული პიანისტი, რომელებიც დღეს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ, მათ შორის ნიუ-იორკში მოღვაწე მანჰეტენის მუსიკალური სკოლის წამყვანი პედაგოგი ნათელა მჭედლიშვილი, იერუსალიმის მუსიკისა და ბალეტის აკადემიის კონსერვატორიის დირექტორი, პროფესორი ლეა აგმონი, საფრანგეთში მცხოვრები პიანისტი მეგი სპარსიაშვილი, ამჟამად ნიდერლანდებში მოღვაწე სახელგანთქმული პიანისტი და პედაგოგი, საერთაშორისო კონკურსების და ბორლეტი–ბუიტონის პრემიის (Borletti-Buitoni Trust) ლაურეატი, ნინო გვეტაძე,[4] თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლის, „ნიჭიერთა ათწლედის“ წამყვანი პედადგოგი ლალი რჩეულიშვილი და სხვა.

მას ასევე ჰყავდა მოსწავლეები, რომელთაც მუსიკის გარდა სხვადასხვა სფეროში გაითქვეს სახელი. მაგალითად, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე პროფესორი დიმიტრი თუმანიშვილი, მუსიკოსი, მსახიობი და მხატვარი, ლიკა ქავჟარაძე, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ნინო კობახიძე და სხვა.

ვერონიკა თუმანიშვილი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, 2009 წლის 30 ივლისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ივანე თუმანიშვილი. Iverieli. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2018.
  2. ვერონიკა თუმანიშვილი. Veronikatumanishvili.Blogspot.com (21 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2018.
  3. ხსოვნა: ვერონიკა თუმანიშვილი (1922-2009). საქართველოს რესპუბლიკა. ქართული პრესის ელექტრონული არქივი (4 აგვისტო, 2009). ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2018.
  4. ნინო გვეტაძე და ქართველი მუსიკოსები ლონდონში დიდი წარმატებით გამოდიან. Kvira.ge (20 მარტი, 2017). ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2018.