ვერონეზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერონეზე
დაიბადა 1528[1] [2]
დაბადების ადგილი ვერონა[2]
გარდაიცვალა 19 აპრილი, 1588(1588-04-19)[3] [4] [5] ან 9 აპრილი, 1588(1588-04-09)[6]
გარდაცვალების ადგილი ვენეცია[2]
ჟანრი პორტრეტი[2] , საპორტრეტო ფერწერა[7] , ისტორიული ფერწერა[7] [2] , allegory[2] და რელიგიური ხელოვნება[2]

პაოლო კალიარი (იტალ. Paolo Caliari, უფრო ცნობილი, როგორც ვერონეზე [იტალ. Veronese]; დ. 1528, ვერონა — 9 ან 19 აპრილი, 1588, ვენეცია) — ვენეციელი ფერმწერი, გვიანდელი აღორძინების წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ვერონელი მხატვრის ა. ბადილეს ხელმძღვანელობით. 1553 წლიდან უმთავრესად მუშაობდა ვენეციაში, აგრეთვე — ვერონაში, მანტუაში, ვიჩენცასა და პადუაში. 1560 წლიდან შესაძლებელია რომშიც ყოფილიყო. ვერონეზეს 1540-1550-იანი წლებიდან ნამუშევრებში ჩანს, რომ მას შესწავლილი ჰქონდა მიქელანჯელოს ნახატი, მიქელანჯელოსა და კორეჯოს კომპოზიციები, ტიციანის მიღწევები კოლორიტის დარგში. 1550-იან წლებში ჩამოყალიბდა ვერონეზეს დამოუკიდებელი მხატვრული სტილი, რომელსაც ახასიათებს ნახატის არტისტიზმი და სხივიანი, ვერცხლისფერი ტონით განმსჭვალული სუფთა ფერების რთული შეხამებით გამოძერწილი პლასტიკური ფორმები. ვერონეზე ძირითადად მონუმენტურ-დეკორატიულ ფერწერის ჟანრში მუშაობდა. ვენეციის საერთო და საკულტო შენობების კედლებსა და პლაფონებს ამშვენებს მისი დიდი ზომის მრავალფიგურიანი კომპოზიციები, რომლებიც ხშირად რესპუბლიკის რესპუბლიკის დიდებისა და სამხედრო ტრიუმფისადმია მიძღვნილი. მათთვის დამახასიათებელია ჰეროიკული, მაღალფარდოვანი სახეები, ენერგიული ჩრდილ-ნათელით ნაძერწი ფორმების გამომხატველი რაკურსები და მოძრაობები, საზეიმო მოციმციმე ფერები („სიბერე და ახალგაზრდობა“, 1553; „დიალექტიკა“, 1575-1577; „ვენეციის ტრიუმფი“, 1578-1585; ყველა დოჟების სასახლე, ვენეცია; „მარდუქის ტრიუმფი“, 1556, სან-სებასტიანოს ეკლესია, ვენეცია და სხვა). ვენეციის გარეუბნების ვილებში შექმნილი ფრესკები (სორანცოს ვილა, 1551; ფრესკების ფრაგმენტები ამჟამად კასტელ-ფრანკოს ტაძარში ინახება; ბარბარო-ვოლპის ვილა მაზერში, ტრევიზოს მახლობლად, 1561) გამოირჩევა ცივი, ჰაეროვანი ფერების გამითა და სახეთა მეტი ინტიმურობით. ვერონეზე ფერწერისა და ხუროთმოძღვრების ფორმათა ორგანული შერწყმით, ჰუმანური შინაარსის იდეურ-მხატვრული სახეების განხორციელებით, მონუმენტურ-დეკორატიული ფორმების სრულყოფით აღორძინების ეპოქის ხელოვნების ახალ ეტაპს ავითარებდა. ვერონეზეს დაზგური სურათის საყვარელი სახეობა იყო საზეიმო ღრეობების, ჯგუფური სვლებისა და აუდიენციების ამსახველი მრავალფიგურიანი კომპოზიციები, რომლებშიც ადამიანი წარმოდგენილია მის გარემომცველ საზოგადოებასთან კავშირში („ქორწილი კანაში“, 1563, ლუვრი, პარიზი; „დარიოსის ოჯახი ალექსანდრეს ფერხთით“, 1565, ეროვნული გალერეა, ლონდონი; სურათების სერია კუჩინას ოჯახისათვის, მათ შორის „ქორწილი კანაში“, „მოგვთა თაყვანისცემა“, 1571, დრეზდენის სურათების გალერეა და სხვა). 1573 წელს ინკვიზიციამ მსჯავრი დასდო ვერონეზეს, რადგანაც იგი რელიგიურ თემას უპირატესად საერო ხასიათს ანიჭებდა, მასში თამამი კონკრეტული ცხოვრებისეული დაკვირვება, ჟანრული მოტივები და თანამედროვეთა პორტრეტები ჰქონდა.

ვერონეზემ საკურთხევლისათვის შექმნა ჩანაფიქრითა და კომპოზიციური გადაწყვეტით მრავალფეროვანი სახეები („მადონა ყრმასთან და წმინდანებთან ერთად“, 1562; „წმინდა ეკატერინეს დაწინდვა“, 1575 — ორივე ვენეციის აკადემიის გალერეა). ვერონეზეს ზოგიერთი პორტრეტი გამოირჩევა ლირიკულობითა და ზოგჯერ ჟანრულობითაც („ბელა ნანი“, 1550-იანი წლები, ლუვრი, პარიზი; „გრაფი და პორტო და მისი ვაჟი ადრიანო“, 1556, კონტინი-ბონაკოსის კოლექცია, ფლორენცია). ვერონეზეს უკანასკნელი წლების ნამშევრებში შეიმჩნევა რენესასნული მსოფლმხედველობის კრიზისი. 1580-იანი წლების სურათები განმსჭვალულია ცივი პარადულობითა და გარეგანი პათეტიკით. იგრძნობა შეშფოთებული, ნაღვლიანი და მელანქოლიური განწყობილება: „ევროპის მოტაცება“, 1580, დოჟების სასახლე, ვენეცია; „აგარი და ისმაილი უდაბნოში“, 1580-იანი წლები, სამხატვრო-ისტორიული მუზეუმი, ვენა; „ქრისტეს დატირება“, 1580-იანი წლები, ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]