ვარციხის ციხის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარციხის ციხის კომპლექსი

ვარციხის ციხის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

ვარციხის კომპლექსი მდებარეობს გაშლილ ადგილას. იგი გეგმაში მომრგვალებულია. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ერთგვარად სწორხაზოვნად მიმართული მასიური კედელი, ჩრდილო ნაწილში ჩრდილო-დასავლეთისაკენ უხვევს და მიემართება დასავლეთისაკენ. ძველი კედლის წყობა ყველაზე მაღლივ ზღუდეს სამხრეთაღმოსავლეთ ნაწილშია შემორჩენილი. სამხრეთი კედელს ეტყობა ნაკერის ზოლი, ნიშანი მერმინდელი დაშენებისა. ეს აგურის სარტყლიანი ორი კედლით წარმოდგენილი ნაგებობა გალავანზე მოგვიანებით მიშენებული კოშკი უნდა იყოს. ციხე-ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძველი გალავნის წყობა და მასთან მიშენებული კოშკის ნანგრევია. კოშკი გეგმით მართკუთხაა (5X10 მ). იქვე მდებარე გალავნის კედელი, რომელიც კოშკის ზურგის კედელს წარმოადგენს, გეგმაში მომრგვალებულია და მიემართება როგორც ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, ასევე აღმოსავლეთით მეორე კოშკამდე. საფორტიფიკაციო სისტემაში ჩართული ეს ორი კოშკი საცხოვრებელი დანიშნულების იყო. თითქმის ყველგან, სადაც ძველი გალავანი ოდნავ იხრება გარკვეული ინტერვალით დატანებულია ყრუ კოშკები. გალავნის უკიდურეს ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ამგვარი კოშკების კვალი არ ჩანს. ციხე-ქალაქის არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა კედლების აშკარად ურთიერთპარალელური სისტემა. გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში, უფრო მასიური კედელი ებჯინება ძველ ზღუდეზე მიშენებულ ყრუ კოშკებს. ძირითადად გამოიყოფა ზღუდის სამი სხვადასხვა პერიოდის კედლები. აქედან ყველაზე ძველი 1 მეტრამდე სისქის მქონე, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გეგმაში მომრგვალებული კედელია. ამ კედელშია ჩართული საცხოვრებელი კოშკები და მასზე გარედან მიდგმული ყრუ კოშკები. მეორე ზღუდე მისგან გარეთ აღმართული მასიური, სქელი კედლების მქონე ზღუდეა, რომლის ერთი ნაწილი, კოშკიდან სამხრეთ-დასავლეთით არის მიმართული. ხოლო მესამე ზღუდე რიყის ქვის მომრგვალებულ ბურჯებიანი კედლების ციხის სამხრეთ და უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია. ციხის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ორი სხვადასხვა პერიოდის ეკლესია. I. ადრეული ეკლესია შემორჩენილია ნანგრევების სახით. მისი კედლების სიმაღლე სხვადასხვა დონეს აღწევს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10226