ვანისჭალის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვანისჭალის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე, კუთხეებში დეკორატიულობისთვის ნახმარია გათლილი კვადრები. ასევე გათლილი ქვის საპირეები აქვს სარკმლებს. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. კარები გარედან არქიტრავულია, ლუნეტისებური დაბოლოებით, შიგნიდან თაღოვანი. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედელში თითო, ხოლო სამხრეთისაში ორი თაღოვანი სარკმელია, რომელთა წირთხლები შიგნითკენ იშლება. აღმოსავლეთით ჩაწერილი საკურთხეველია, ერთი საფეხურით ამაღლებული. საკურთხეველში სწორკუთხა ორი ნიშია. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლები სამი წყვილი პილასტრითა და თაღედითაა დანაწევრებული. კონქი და კამარა იმპოსტებზე გადასულ თაღებს ეყრდნობა. გადახურულია თუნუქით. ეკლესიას გარს შემოსდევს ყორე, რომელიც მას მიჯნავს იქვე, მოწყვეტილ კლდის ლოდზე აგებული ციხე-საყუდარისგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24360