ვაიოლეტ ჯესოპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაიოლეტ ჯესოპი
ინგლ. Violet Constance Jessop

ვიოლეტ ჯესოპი მოხალისე მედდის ფორმაში "ბრიტანიკაზე" მსახურობისას
დაბადების სახელი ვაიოლეტ კონსტანს ჯესოპი
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი 1887
ბაია-ბლანკა არგენტინა
გარდაცვალების თარიღი 5 მაისი 1971 (83 წლის)
აღმოსავლეთ ინგლისი
მოქალაქეობა არგენტინის დროშა არგენტინა
ირლანდიის დროშა ირლანდია
საქმიანობა ბორტგამცილებელი
მედდა

ვაიოლეტ კონსტანს ჯესოპი (ინგლ. Violet Constance Jessop) (1 ოქტომბერი 1887, ბაია -ბლანკა, არგენტინა — 5 მაისი 1971, გრეით-აშფილდი, სუფოლკი, აღმოსავლეთ ინგლისი) — სამგზავრო კომპანია White Star Line-ის საოკეანო  ლაინერების ბორტგამცილებელი. ვაიოლეტ ჯესოპი მსახურობდა „ოლიმპიკის“კლასის ყველა ლაინერზე და, შესაბამისად, გახლდათ მათთან დაკავშირებული  ყველა ინციდენტის თვითმხილველი. იგი იმყოფებოდა ლაინერ „ოლიმპიკზე“,როდესაც ის სამხედრო გემს, ,,ჰოუკს“  შეეჯახა (1911 წელს), ,,ტიტანიკზე“, რომელიც აისბერგს შეეჯახა (1912 წელს) და ,,ბრიტანიკზე“, რომელიც 1916 წელს ოკეანეში ერთ-ერთი გასვლის დროს მინაზე აფეთქდა. ამ მოვლენების შემდეგ მან კიდევ 34 წელი იმუშავა გემზე და 63 წლის ასაკში პენსიაზე  საკუთარი ნებით გავიდა. მას შემდეგ, რაც სამ საზღვაო კატასტროფას ცოცხალი გადაურჩა, ვაიოლეტმა მიიღო ზედმეტსახელი მსოფლიოს ყველაზე ,,ჩაუძირავი ქალბატონი“ (ინგლ. Miss Unsinkable).[1][2][3]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაიოლეტ ჯესოპი დაიბადა 1887 წლის 1 ოქტომბერს ირლანდიელი ემიგრანტების უილიამ ჯესოპისა და კეტრინ კელის ოჯახში, რომლებიც ცხოვრობდნენ არგენტინაში, ბაია-ბლანკას მახლობლად. უილიამ ჯესოპი ემიგრაციაში წავიდა დუბლინიდან 1880-იანი წლების შუა ხანებში, რათა არგენტინაში მეცხვარეობაში მოესინჯა ძალები. 1886 წელს მას გაჰყვა კეტრინი. ვაიოლეტი ცხრა შვილიდან უფროსი იყო, რომელთაგან სამი ბავშვობაში გარდაიცვალა. თავად გოგონა ბავშვობაში ტუბერკულოზით დაავადდა, მაგრამ ექიმის ცუდი პროგნოზის მიუხედავად, გადარჩა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ვაიოლეტი და მისი ოჯახი გადავიდნენ დიდ ბრიტანეთში. გოგონა სამონასტრო სკოლაში შევიდა. მას შემდეგ, რაც დედამისი ავად გახდა, ვაიოლეტმა დატოვა სკოლა და მდიდრულ ლაინერებზე ბორტგამცილებლად დაიწყო მუშაობა.[4]

„ოლიმპიკი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ოლიმპიკი". 1911 წელი

ჯესოპი ოკეანის ლაინერზე 1908 წელს 21 წლის ასაკში ავიდა სამუშაოდ. მისი პირველი გემი ,,ორინოკო“ იყო. შემდეგ მან დაიწყო მუშაობა ,,ოლიმპიკზე“, რომელიც  კომპანია ,,White Star Line”-ის კუთვნილი გემი გახლდათ. თავდაპირველად ვაიოლეტს არ სურდა White Star Line კომპანიაში მუშაობა, რადგან იგი ტრანსატლანტიკურ რეისებს ასრეულებდა, ხოლო  ჯესოპს არ მოსწონდა ატლანტის ოკეანის ამინდის პირობები. გემს მეთაურობდა კაპიტანი ედვარდ ჯონ სმიტი.  ჯესოპს გემზე ერთი წლის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, როდესაც  წარუმატებელი მანევრირების შედეგად  ლაინერი სამხედრო გემს, ,,ჰოუკს“  შეეჯახა (1911 წელს). ორივე გემი დაზიანდა, თუმცა შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ტიტანიკი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ტიტანიკი". 1912 წელი

რადგან ,,ოლიმპიკი“ შეკეთებას საჭიროებდა, ,,White Star Line“-მა ჯესოპი ასევე კომპანიის კუთვნილ გემზე, ,,ტიტანიკზე“  დაასაქმა. 1912 წლის 10 აპრილს ვაიოლეტ ჯესოპი ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად ავიდა „ოლიმპიკის“ ტყუპ  „ტიტანიკზე“, რომელზედაც თავიდან ასვლა არ სურდა, მაგრამ მეგობრებმა დაარწმუნეს, რომ „ტიტანიკზე“ მუშაობა მას შემდგომი რეკომენდაციისთვის გამოადგებოდა. „ტიტანიკის“ კაპიტანი ისევ იგივე ედვარდ ჯონ სმიტი გახლდათ და კაპიტნის თანაშემწეებიც  იყვნენ იგივე მერდოკი და ლაიტოლერი, რომლებიც  „ოლიმპიკის“ რეისზე იმყოფებოდნენ ვაიოლეტთან ერთად.

„ტიტანიკის“ რეისზე გამგზავრების წინ, ვაიოლეტს მოხუცმა ირლანდიელმა ქალბატონმა გადასცა ებრაული ლოცვების თარგმანი, რომელსაც იგი ცეცხლისა და წყლისგან უნდა დეცვა.

ვინაიდან ვაიოლეტი მორწმუნე კათოლიკე გახლდათ, მან  თავისი კაიუტის მეზობელიც აიძულა ეს ლოცვები წაეკითხა.  იმ საბედისწერო დღეს, როდესაც ,,ტიტანიკი“ აისბერგს შეეჯახა (1912 წელს),  ვაიოლეტს თითქმის ეძინა. ზედა გემბანზე ასვლის ბრძანების მიღების შემდეგ, იგი, სხვა სტიუარდესებთან ერთად, N 16  მაშველ ნავში მოხვდა. ,,ტიტანიკზე“ 1517 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა იგი ამჯერადაც იღბლიანი აღმოჩნდა და გადარჩა.[5]

„ბრიტანიკი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ბრიტანიკი". 1916 წელი.

მიუხედავად  ორი საზღვაო კატასტროფისა, რომელიც ჯესოპმა გადაიტანა, მას არც უფიქრია პროფესიაზე უარის თქმა. პირველი მსოფლიო ომის დროს ვაიოლეტი მსახურობდა მედდად ბრიტანეთის წითელ ჯვარში. 1916 წელს მან კარიერა გააგრძელა „ბრიტანიკზე“.  1916 წელს ოკეანეში ერთ-ერთი გასვლის დროს გემი აფეთქდა გერმანული წყალქვეშა ნავის ნაღმზე. 1066 მგზავრიდან 30 გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ თავის ქალა დაუზიანდა (შემდგომში ხშირად აწუხებდა თავის ტკივილები) ვაიოლეტი ისევ გადარჩა. იგი ამ დროს 29 წლის გახლდათ. [6][7]

შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ ვაიოლეტმა განაგრძო მუშაობა White Star Line-ში, თუმცა შემდეგ გადავიდა Red Star Line-ში, შემდეგ კი — Royal Mail Line-ში. Red Star Line-ში მუშაობისას, ვაიოლეტმა ორჯერ იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ლაინერ "ბელგენლანდიით'. 1930-იანი წლების ბოლოს, ვაიოლეტი გარკვეული ხნით დაქორწინდა (სავარაუდოდ, სავაჭრო ფლოტის მეზღვაურზე, ბავშვების შესახებ არ არის ინფორმაცია), ხოლო 1950 წელს იგი გადავიდა დიდ ეშფილდში, საფოლკში. [8]

ვაიოლეტ ჯესოპი გარდაიცვალა ბრონქოპნევმონიის შედეგად გამოწვეული გულის უკმარისობით 1971 წლის 5 მაისს, 83 წლის ასაკში. წმინდა მერის საავადმყოფოში, ბერი- სენტ- ედმუნდსში.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Violet Jessop Biography". Biography.com. A&E Television Networks. Retrieved 26 April 2016.
  2. Damon, Duane (April 2012). "Angel of the White Star Violet Jessop". Cobblestone. Vol. 33, no. 4. p. 16.
  3. Kaplan, David A.; Underwood, Anne (25 November 1996). "The iceberg cometh". Newsweek. Vol. 128, no. 22.
  4. Gleick, Elizabeth; Carassava, Anthee (26 October 1998). "Deep Secrets". Time International (South Pacific Edition). No. 43. p. 72.
  5. "Iceberg – Right Ahead!". Ovation Theatres. Retrieved 14 August 2017.
  6. Solomon Reid, Deborah (1 January 1998). "Titanic survivor: the newly discovered memoirs of Violet Jessop who survived both the Titanic and Britannic disasters". The Women's Review of Books. 15: 9.
  7. "Remembering Britannic's Violet Jessop". The Underwater Marketing Company. 21 November 2016. Retrieved 14 August 2017.
  8. Upton, Emily (28 January 2014). "The woman who survived all three disasters aboard the sister ships: The Titanic, Britannic, and Olympic". Today I Found Out.com. Retrieved 26 April 2016.
  9. Jessop, Violet (4 April 2012). Titanic Survivor. Sheridan House. p. 224. ISBN 978-1-4617-4032-2.