საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეროვნული სატყეო პროგრამა)
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამა
აბრევიატურა ესპ (NFP)
შეიქმნა სექტემბერი, 2013
მიზანი საქართველოს ტყეების მდგრადი მართვის ხელშეწყობა
ენა ქართული

ეროვნული სატყეო პროგრამა — სატყეო პოლიტიკის ჩამოყალიბების, დაგეგმვის, განხორციელების და სხვადასხვა სექტორის ჩართულობის მიდგომები როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

ეროვნული სატყეო პროგრამის კონცეფცია (National Forest Program NFP)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად გამოყენებული „ეროვნული სატყეო პროგრამის“ ტერმინის მთავარ წყაროს წარმოადგენს ტყის საკითხებზე შექმნილი სამთავრობათშორისო საბჭოს მეოთხე სესიის საბოლოო მოხსენება 1997 წელს. პროგრამა დღეისათვის ტყის მდგრადი მართვისკენ სწრაფვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც საერთოა ყველა ქვეყნისა და ყველა სახის ტყისათვის. ეროვნული სატყეო პროგრამა ტყეების მდგრადი მართვის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების რეალურად განხორციელების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ევროპის ტყეების დაცვის მინისტრთა კონფერენციის Forest Europe ფარგლებში განვითარდა საერთო ევროპული მიდგომა ეროვნული სატყეო პროგრამების მიმართ. პროგრამა მიმართულია ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებული სატყეო და მომიჯნავე დარგების ძირითადი მიმართულებების ჰარმონიზაციისა და ურთიერთკავშირის გაძლიერების, ასევე სატყეო პოლიტიკის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. დღეისათვის, ეროვნული სატყეო პროგრამა დანერგილია 130-ზე მეტ ქვეყანაში.

ეროვნული სატყეო პროგრამა საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, ასევე დონორთა კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2013 წლის სექტემბერში დაიწყო ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) შემუშავების პროცესი, რომელსაც სრულ კოორდინაციას უწევს სატყეო პოლიტიკის სამსახური.

ეროვნული სატყეო პროგრამა საქართველოში წარმოადგენს სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც ადაპტირდება ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული რეალობის გათვალისწინებით. პროგრამა წარმოადგენს სატყეო პოლიტიკის დინამიური განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ეროვნული სატყეო პროგრამა საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის აღსრულების მექანიზმი და პროცესია, რომელიც მოიცავს დოკუმენტში მოხსენიებული საკითხების ფართო სპექტრს და სრულად შეესაბამება არსებულ გამოწვევებს სატყეო სექტორში.

პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ხელშეწყობა, რომელიც საფუძვლად დაედება ტყის იმგვარი მეთოდებით მართვას, რომლებიც უზრუნველყოფს ტყის ბიომრავალფეროვნების, პროდუქტიულობის, თვითაღდგენისა და სიცოხლისუნარიანობის შენარჩუნებას ისე, რომ ახლაც და მომავლშიც შეასრულოს შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები.

ეროვნულ სატყეო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და პარალელური სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, საგანმანათლებლო და პროფესიული დაწესებულებების, რეგიონების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

პროგრამის მანდატს წარმოადგენს: სამუშაო შეხვედრების ორგანიზება თემატური საკითხების განსახილველად და რეკომენდაციების შესამუშავებლად, ტექნიკური და ფინანსური დახმარების კოორდინაციისა და იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხების მოგვარების მიზნით კანონპროექტების, ასევე, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება.

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, დარგობრივი საკითხების მოგვარების მიზნით, შეიქმნა ექვსი სამუშაო და რვა ტექნიკური ქვეჯგუფი:

1. ტყის მოვლა აღდგენა

  • ქარსაფარი ზოლები
  • ბუნებაში გაჩენილი ხანძრები
  • საქართველოს ქალაქებში ხეების მოვლის ერთიანი წესი
  • კოლხური ბზა (Buxus colchica)

2. ტყეების ეკონომიკური შეფასება

  • შეშის მოხმარების საკითხები

3. სატყეო განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება

4. საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმა

  • ტყის არამერქნული რესურსების რეგულირება
  • ტყის კოდექსი

5. ტყის მონიტორინგი და საინფორმაციო სისტემები

  • ტყის ზონირება

6. ტყის მდგრადი მართვის სტანდარტები

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით გაიმართა 50 სამუშაო შეხვედრა, მათ შორის: ორი პლენარული სხდომა და ერთი საერთაშორისო კონფერენცია. პროგრამაში მონაწილეობს 55 ორგანიზაციის 160 წარმომადგენელი სხვადასხვა დაინტერესებული მხარიდან.