ეოზონოფილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეოზინოფილები პერიფერიულ სისხლში

ეოზინოფილები, აციდოფილები — ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ლეიკოციტების ერთ-ერთი სახე. მიეკუთვნება გრანულოციტების ჯგუფს. ეოზინოფილები სუსტი ფაგოციტებია. ახასიათებთ ქემოტაქსისი, მაგრამ ნეიტროფილებთან შედარებით მათი მნიშვნელობა ორგანიზმის ინფექციისაგან დაცვაში მცირეა.

ეოზინოფილი

ლეიკოციტურ ფორმულაში ეოზინოფილების რაოდენობა შეადგენენ 2-4%-ს. მათი დიამეტრი 12-15 მკმ-ია. ბირთვი შედგება ორი წილაკისგან. ციტოპლაზმაში სუსტად განვითარებული ენდოპლაზმური რეტიკულუმი, გოლჯის აპარატი და მიტოქონდირებია. დიდი რაოდენობითაა გლიკოგენის გრანულები. მთავარ საიდენთიფიკაციო ნიშანს დიდი ზომის, წაგრძელებული ფორმის სპეციფიური ეოზინოფილური გრანულები წარმოადგენს. ეოზინოფილურ გრანუყლებს კრისტალოიდის გული აქვს, რომელიც გრანულის სიგრძივი ღერძის გასწვრივ არის მიმართული. იგი შეიცავს ცილას, რომელსაც მთავარ ბაზისურ (ფუძე) ცილას უწოდებენ. ციტოპლაზმის ეოზინოფილიას სწორედ ეს ცილა განსაზღვრავს.

ეოზინოფილების რიცხვი მკვეთრად მატულობს სისხლში პარაზიტული ინფექციების დროს. პარაზიტების უმრავლესობა ძალიან დიდი ზომისაა და ეოზინოფილები ვერ ახდენენ მათ ფაგოციტოზს. ამის ნაცვლად ეოზინოფილები IgE-თი მარკირებულ პარაზიტებს ციტოპლაზმური რეცეპტორების საშუალებით უკავშირდება და ახდენს მისი ვეზიკულების დეგრანულაციას და უჯრედგარეთ მთავარი ფუძე ცილის გამოყოფას, რაც უზრუნველყოფს პარაზიტების კვდომას.

ეოზინოფილის ელექტრონოგრამა

ეოზინოფილების რიცხვი იმატებს ალერგიული დაავადებების დროსაც. ისინი სისხლის კალაპოტიდან მიგრირებენ იმ ქსოვილებში, სადაც ვითარდება ალერგიული რეაქციები, მაგალითად, ბრონქული ასთმით დაავადებულებში მათი ინფილტრაცია აღინიშნება ფილტვებში. ამის მიზეზი, ნაწილობრივ ის გარემოებაა, რომ პოხიერი უჯრედები და ბაზოფილები, რომლებიც მონაწილეობენ ალერგიულ რეაქციებში, გამოჰყოფენ ეოზინოფილების ქემოტაქსისის ფაქტორს, რის გამოც ეოზინოფილები გადმოდიან სისხლძარღვთა კალაპოტიდან და აღწევენ აღნიშნულ კერას.

ალერგიული რეაქციებით მოცულ უბანში მოხვედრისას ეოზინოფილი აუვნებელყოფს ანთების გამომწვევ იმ ნივთიერებებს, რომლებსაც გამოჰყოფენ პოხიერი უჯრედები და ბაზოფილები, აგრეთვე, სავარაუდოდ აფაგოციტირებენ და ინელებენ ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსს და ეწინააღმდეგებიან ანთებითი პროცესების გავრცელებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 163, თბ., 1979 წელი.
  • ჰისტოლოგია, რუსუდან რუხაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, მეორე გამოცემა, 2009.