ენისელის წმინდა ელიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენისელის წმინდა ელიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელის ცენტრალურ ნაწილში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამოშლილია ლავგარდანი და აქა-იქ კედლების ზედა ნაწილები, აყრილია კრამიტის საბურავი. სახურავზე მცენარეულობაა ამოსული.

შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც მაღალი, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით მოწყობილია ორი ნიშა, მათ შორის ერთი თაღოვანია, მეორე — სწორკუთხა. სამხრეთით კი ერთი მცირე ზომის ოთხკუთხა. ერთი ოთხკუთხა სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა — კარის ზემოთ.

აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ოდრავ შეისრულია. დარბაზი გადახურულია ოდნავ შეისრული ფორმის სხმული კამარით.

ეკლესიის სამხრეთით შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]