ელენ კლარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენ კლარკი
ელენ კლარკი
ახალი ზელანდიის მე-37 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 1999 – 19 ნოემბერი, 2008
წინამორბედიჯენი შიფლი
მემკვიდრეჯონ ქეი

დაბადებული26 თებერვალი, 1950 (1950-02-26) (74 წლის)
ჰამილტონი, ახალი ზელანდია
პოლიტიკური პარტიალეიბორისტული პარტია
განათლებაოკლენდის უნივერსიტეტი

ელენ კლარკი, ინგლ.Helen Elizabeth Clark (დ.1950) - ახალი ზელანდიის პოლიტიკური მოღვაწე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, პრემიერი-მინისტრი 1999-2008 წლებში

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენ კლარკი აღიზარდა ქალაქ ჰამილტონის სიახლოვეს. მან განათლება მიიღო ოკლენდის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით, რომელსაც სწავლის დასრულების შემდეგ თავად ასწავლიდა სტუდენტებს. ახალგაზრდობისას ის გმობდა ვიეტნამის ომს, აგრეთვე, მონაწილეობდა კამპანიაში ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ბაზების შესაძლო განთავსების წინააღმდეგ.[1]

აქტიურ პოლიტიკაში ელენ კლარკი 1974 წელს ჩაერთო. როგორც ლეიბორისტთა მხარდამჭერი, ის მონაწილეობდა პარტიის კანდიდატების კამპანიაში ოკლენდის საქალაქო საბჭოში ასარჩევად, 1978-88 წწ. კი მუშაობდა ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1981 წელს კლარკი გახდა წარმომადგენობითი პალატის დეპუტატი ოკლენდის ერთ-ერთი საარჩევნო ოლქიდან, რომელსაც ის მომდევნო 28 წლის განმავლობაში წარმოადგენდა.

1987 წლიდან იგი სამ ლეიბორისტულ მინისტრთა კაბინეტში მოღვაწეობდა მშენებლობის, ჯანდაცვის და შრომის მინისტრად და ვიცე-პრემიერად. მისი ინიციატივით სამუშაო ადგილებში და სკოლებში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. 1989 წლის საყოველთაო არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტია ოპოზიციაში გადავიდა, ხოლო კლარკი 1990-93 წლებში იყო ოპოზიციის ლიდერის მოადგილე, რომლის პასუხიმგებლობის არეალი მოიცავდა შრომის და ჯანდაცვის სფეროს. პარტიული ხელმძღვანელობის მორიგ არჩევნებზე 1993 წელს კლარკი თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს თანამდებობა მან 16 წლის განმავლობაში შეინარჩუნა. 1999 წ. არჩევნების მოგების შედეგად მან პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ჩამოაყალიბა მთავრობა.[2]

2003 წელს ახალმა ზელანდიამ დაგმო თავისი ტრადიციული მოკავშირეების აშშ-ს და ბრიტანეთის მიერ ომის დაწყება ერაყში იმ არგუმენტით, რომ სამხედრო კამპანია მოკლებული იყო გაეროს მხრიდან სამართლებრივ ლეგიტიმაციას, თუმცა ავღანეთში შეიარაღებული შენაერთი მიავლინა. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჩინეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის შენარჩუნებას, ამიტომ ქვეყანამ პირველმა მოაწერა მასთან ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

2006 წელს "ფორბსმა" პლანეტის გავლენიან ქალთა ასეულში ელენ კლარკს მე-20 ადგილი მიანიჭა, მოგვიანებით, 2016 წელს კი - 22-ე.

2008 წლის აგვისტოში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანა რეცესიის სტადიაში შევიდა. ნოემბერში საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტთა მარცხზე აიღო პასუხიმგებლობა და გადადგა, მომდევნო წელს კი დაასრულა საპარლამენტო მოღვაწეობაც.

კლარკმა ქვეყნის ისტორიაში რეკორდი დაამყარა პარტიის თავმჯდომარეობის ხანგრძლივობის მხრივ, აგრეთვე, გახდა პირველი ლეიბორისტი ლიდერი, ვინც შესძლო არჩევნებზე ზედიზედ სამი გამარჯვების მიღწევა.

ეროვნული ასპარეზის დატოვების შემდეგ კლარკმა მოღვაწეობა საერთაშორისო არენაზე გააგრძელა. მაღალი ავტორიტეტის წყალობით, 2009 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი არჩეული იქნა გაეროს განვითარების პროგრამის პირველ ქალ-დირექტორად.[3] ამ თანამდებობაზე იგი ორი ვადით მუშაობდა. 2016 წელს ელენ კლარკმა გაეროს გენერალურ მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა საკუთარი კანდიდატურა, თუმცა უშიშროების საბჭოს 15 წევრმა უპირატესობა პორტუგალიელ ანტიონიო გუტიერესს მიანიჭა, კლარკი კი ათ პრეტენდენტს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა.[4]

ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ელენ კლარკის პროფესიული უნარ-შესაძლებლობები კვლავაც მოთხოვნადი დარჩა: 2020 წ.აგვისტოში იგი სათავეში ჩაუდგა ნარკოტიკების სფეროში მომუშავე საერთაშორისო 26 კაციან კომისიას,[5] აგრეთვე, დაინიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექნილი პანდემიასთან ბრძოლის დამოუკიდებელი საბჭოს თანათავმჯდომარედ, რომლის მიზანია კოვიდის გავრცელების წინააღმდეგ უკვე განხორციელებული გლობალური ღონისძიებების შეფასება.[6]

ექს-პრემიერმა 2019 წელს დააფუძნა ელენ კლარკის ფონდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენ კლარკის ფონდი

გვერდი ტვიტერზე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]