ეკატერინა მაქსიმოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინა მაქსომივა
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1939
მოსკოვი, სსრკ, რსფსრ
გარდაცვალების თარიღი 28 აპრილი, 2009, (70 წლის)
მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია
გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა
დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
ეროვნება რუსეთის დროშა რუსი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, რსფსრ-ის დროშა რსფსრ
პროფესია ბალეტის მოცეკვავე, პედგოგი, მსახიობი
აქტიური 1958—2009
მეუღლე(ები) ვლადიმერ ვასილიევი
ჯილდოები ლენინის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი ხალხთა მეგობრობის ორდენი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

ეკატერინა  მაქსიმოვა (დ. 1 თებერვალი, 1939, მოსკოვი, სსრკ, ამჟამად რუსეთის ფედერაცია — 28 აპრილი, 2009, იქვე)[1]საბჭოთა და რუსეთის ბალერინა, მსახიობი, პედაგოგი; სსრკ სახალხო არტისტი (1973), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), რსფსრ სახელმწიფო პრემიის-  ძმები ვასილიევების  (1984) და   მ.ი.გლინკას სახელობის რსფსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1991) ლენინის ორდენის კავალერი  (1976).[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინა მაქსიმოვა დაიბადა  1939 წლის 1 თებერვალს ქალაქ მოსკოვში[3]. იგი  ცნობილი რუსი ფილოსოფოსის, ხელოვნებათმცოდნის, ფილოლოგისა და პოლიგლოტის (ფლობდა 17 ენას) გუსტავ შპეტის შვილიშვილი იყო, რომელიც  1937 წელს დახვრიტეს რეპრესიების დროს. 1949 წელს, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (ამჟამად მოსკოვის ქორეოგრაფიის სახელმწიფო აკადემია) ჩაბარებისას ეკატერინას ოჯახმა მოახერხა ამ ფაქტის დამალვა.

სასწავლებლის მეორე კლასში ეკატერინამ დიდი თეატრის სცენაზე შეასრულა პატარა ციყვის როლი ბალეტ „მოროზკოში“. მისი გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ  რამდენიმე კრიტიკოსმა ახალბედა ბალეტის მოცეკვავე რეცენზიებშიც  მოიხსენია. მე-7 კლასში მაქსიმოვამ იცეკვა ს. რახმანინოვის „რომანსში“, ხოლო მე-8 კლასში – მაშას როლი პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტში „მაკნატუნა“.

ბელგიის დედოფალ ელიზავეტას მოსკოვში ვიზიტის დროს ქორეოგრაფიულ სასწავლებელს ეწვია, სადაც ეკატერინას ცეკვა აჩვენეს, ხოლო საბჭოთა კავშირში „გრანდ ოპერის“ პირველი გასტროლების დროს ცნობილმა ქორეოგრაფმა ჰარალდ ლანდერმა სწორედ ეკატერინა შეარჩია ცეკვის კლასიკური გაკვეთილის მასტერ-კლასის ჩასატარებლად.

1957 წელს ბალერინამ გაიმარჯვა მოსკოვში ბალეტის მოცეკვავეთა საკავშირო კონკურსში, იმავე წელს შედგა მისი დებიუტი  პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტში „მაკნატუნა“, სადაც მაშას როლი შეასრულა.

ეკატერინა მაქსიმოვა და ვლადიმირ ვასილიევი

1958 წელს ეკატერინა მაქსიმოვამ ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა (პედაგოგ ე. გერდტის კლასი)[4]. ამავე წელს დიდი თეატრის დასში მიიწვიეს, სადაც მისი პედაგოგ-რეპეტიტორი იყო გალინა ულანოვა. [2] პირველივე დღიდან და 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე მისი საყვარელი თეატრის პრიმა-ბალერინის მაღალ წოდებას ინარჩუნებდა.[5]

დონ კიხოტი-ეკატერინა მაქსიმოვა და ვლადიმირ ვასილიევი. მოსკოვი, დიდი თეატრი (1970 წ.)

კრიტიკოსები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ეკატერინა მაქსიმოვას ფილიგრანული ტექნიკის გარდა განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული მომხიბვლელობით გამოირჩეოდა.  

1961 წელს დაქორწინდა ვლადიმერ ვასილიევზე, რომელთანაც სასწავლებლის ერთ მერხზე იჯდა. ლამაზ ოჯახთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი საბალეტო დუეტიც შეიქმნა[6].ბალერინას სხვა პარტნიორებს შორის იყვნენ მ. ლიეპა, ა. ბოგატირევი.

წყვილისათვის დიდი ტრაგედია იყო ბავშვის დაკარგვა, რის შემდეგაც ბალერინა მთელი არსებით გადაეშვა საქმეში.

36 წლის ასაკში ეკატერინამ მძიმე ტრავმა მიიღო რეპეტიციის დროს და ექიმებმა სცენაზე გამოსვლა აუკრძალეს. როგორც თავად ამბობდა, მხოლოდ ვლადიმერ ვასილიევს უნდა უმადლოდეს იმას, რომ წამოდგა ინვალიდის სავარძლიდან და უკვე შემდეგ სეზონზე გამოვიდა სცენაზე ჟიზელის როლში.

ეკატერინა მაქსიმოვა უკანასკნელად სცენაზე 1999 წელს გამოვიდა.[7] ამის შემდეგ ის ქორეოგრაფიულ მოღვაწეობას ეწეოდა.

1980 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი (ГИТИС)  ბალეტის მასწავლებლის სპეციალობით. 1982 წლიდან ასწავლიდა ხსენებული ინსტიტუტის ქორეოგრაფიის კათედრაზე (1996 წლიდან - პროფესორი).

ბალერინას საფლავი-მოსკოვი, ნოვოდევიჩის სასაფლაო

1988 წელს, "საპენსიო ასაკის" სხვა სოლისტებთან ერთად, იგი სკანდალურად გაათავისუფლა თეატრიდან იური გრიგოროვიჩმა.

1990 წლიდან  კრემლის ახლად ორგანიზებული ბალეტის თეატრის პედაგოგი იყო. 1998 წელს, მას შემდეგ, რაც ვ. ვასილიევი დიდი თეატრის ბალეტის რეჟისორად მიიწვიეს, მან შეძლო თეატრში დაბრუნება, როგორც მასწავლებელმა.

ეკატერინა მაქსიმოვასა და ვლადიმერ ვასილიევის მატადორის ცეკვა შესულია ფრანკო  ძეფირელის ცნობილ ფილმში „ტრავიატა“.

ეკატრინა მაქსიმოვა გახლდათ რუსეთის დამოუკიდებელი პრიზის ლიტერატურისა და ხელოვნების უმაღლესი მიღწევების სფეროში - "ტრიუმფის“ ჟიურის წევრი (1992 წლიდან).

დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი "მადამ არა" (მოსკოვი, 2003).

ბალერინა 2009 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა – გულის უკმარისობისგან.[8][9]

დაკრძალულია მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Weber, Bruce (29 April 2009). "Ekaterina Maximova, Ballerina, Dies at 70". The New York Times. Retrieved 29 April 2009.
  2. 2.0 2.1 Большая Советская Энциклопедия. Гл. ред. А. М. Прохоров, 3-е изд. Т. 15. Ломбард — Мезитол. 1974. 632 стр., илл.; 29 л. илл. и карт. 1 карта-вкл. (რუსულ ენაზე)
  3. Encyclopædia Britannica დაარქივებული 2016-08-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლ)
  4. «Танец — моя жизнь». Одно из последних интервью Екатерины Максимовой (რუს. ენაზე)
  5. Kisselgoff, Anna (16 May 1990). "Review Dance; Ballet theater welcomes back a pair of longtime Bolshoi stars"[მკვდარი ბმული]. The New York Times.
  6. Whitlock, Geoff (2009). "Ekaterina Maximova". for-ballet-lovers-only.com.
  7. Скончалась выдающаяся балерина Екатерина Максимова
  8. Гордеева А. Умерла Екатерина Максимова // «Время новостей». 2009. 29 апреля. № 74.(რუს.)
  9. Илзе Лиепа потрясена кончиной Екатерины Максимовой // РИА «Новости»] (რუს.)