შინაარსზე გადასვლა

ედუარდ დალადიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ დალადიე
250პქპქ
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1884
დაბადების ადგილი კარპანტრასი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 11 ოქტომბერი, 1970
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სამეცნიერო ხარისხი agrégation d'histoire
ეროვნება ფრანგი
საქმიანობა პოლიტიკოსი
მეუღლე/ები მადელინ ლაფონი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[1] და საბრძოლო ჯვარი 1914–1918

ედუარდ დალადიე (ფრანგ. Édouard Daladier; 18 ივნისი, 1884, კარპანტრასი, დეპარტამენტი ვოკლიუზი, საფრანგეთი 11 ოქტომბერი, 1970, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1933, 1934 და 1938-1940 წლებში.

მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში. ჰქონდა კაპიტნის წოდება. 

1924-1928 წლებში დაიწყო პოლიტიკური კარიერა. იკავებდა პოსტებს სხვადასხვა სამინისტროებში, ხოლო რადიკალური სოციალისტების პარტიაში გაწევრიანების შემდეგ პარტიის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. 1933 და 1934 წელს დალადიე ხელისუფლებას ედგა თავში. მისი მმართველობის დროს პარიზში ხშირი იყო შეიარაღებული შეტაკებები ულტრამემარცხეენებსა და ულტრამემარჯვენეებს შორის. 1934 წლის 6 თებერვალს, პროფაშისტური ორგანიზაციების მიერ პარლამენტის შენობის წარუმატებელი შტურმის შემდეგ დალადიემ თანამდებობა დატოვა.

სახალხო ფრონტის ახალ ხელისუფლებაში 1936 წელს დალადიემ სამხედრო მინისტრის პოსტი დაიკავა. სახალხო ფრონტის ხელისუფლების დაცემის შემდეგ 1938 წლის 10 აპრილს დალადიე კვლავ პრემიერ-მინისტრი გახდა. „დალადიე სუსტი და გაუბედავია“ — წერდა მასზე სსრკ-ს ელჩი იაკობ სურიცი.[2] 1938 წელს ხელი მოაწერა მიუნხენის შეთანხმებას, რითიც უარი თქვა შეესრულებინა ჩეხოსლოვაკიასთან დადებული შეთანხმება. 1940 წლის მარტში დატოვა თანამდებობა.

საფრანგეთის ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპაციის შემდეგ დალადიე ფრანგულ მაროკოში გაიქცა, სადაც იგი დაპატიმრებული იქნა და ვიშის რეჟიმის მიერ ინიციცირებულ სასამართლოზე იქნა გასამართლებული. 1943 მოხდა მისი დეპორტაცია გერმანიაში, სადაც ის მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ბუხენვალდის კსაკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა.

ომის დასრულების შემდეგ დალადიემ პოლიტიკური მოღვაწეობაა განაახლა და შარლ დე გოლის ოპოზიციაში ჩადგა. იყო ქალაქ ავინიონის მერი 1953-1958 წლებში.

გარდაიცვალა 1970 წლის 11 ოქტომბერს, პარიზში. დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.