ედმონდ კეოსაიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედმონდ კეოსაიანი

ედმონდ კეოსაიანისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გიუმრიში
დაბადების სახელი სომხ. Էդմոնդ Գարեգինի Քեոսայան
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1936
ლენინაკანი, სომხეთის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 1994 (57 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

ედმონდ კეოსაიანი (სომხ. Էդմոնդ Գարեգինի Քեոսայան; დ. 9 ოქტომბერი, 1936, ლენინაკანი, სომხეთის სსრ, სსრკ — გ. 20 აპრილი, 1994, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა და სომეხი კინორეჟისორი, სცენარისტი. რსფსრ-ის (1976), სომხეთის სსრ-ის (1976) და საქართველოს სსრ-ის (1980) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.[1] მუშაობდა კინოსტუდიებში „მოსფილმი“ და „არმენფილმი“. საბჭოთა კინოში სათავგადასავლო ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატად ითვლებოდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედმონდ კეოსაიანი დაიბადა 1936 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ლენინაკანში. 1937 წლის გაზაფხულზე ედმონდის მამა - გარეგინ კესაიანი დახვრიტეს, როგორც ყოფილი მეფის არმიის ოფიცერი, ოჯახი კი - მეუღლე ორი პატარა ბავშვით, ციმბირში, ალტაის მხარეში გადაასახლეს. გადასახლებიდან კესაიანები მხოლოდ ომის შემდეგ დაბრუნდნენ და ერევანში დასახლდნენ. თავიდან ედმონის გვარი კესაიანი იყო. „ო“ პასპორტის მიღებისას შეცდომით ჩაიწერა და შემდგომში ასევე დარჩა.

1952-1954 წლებში სწავლობდა მოსკოვის ეკონომიკურ ინსტიტუტში, 1954-1958 წლებში — ერევნის თეატრალურ ინსტიტუტში 1954 მუშაობდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრში კონსტანტინე ორბელიანის ხელმძღვანელობით, როგორც შემსრულებელი. 1964 წელს დაამთავრა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის სრულიად რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ეფიმ ძიგანის სტუდია). ამავე წლიდან კეოსაიანი მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდიაში „მოსფილმი“, 1972 წლიდან კი — „არმენფილმში".

კეოსაიანის მოკლე სტუდენტურმა ნამუშევრებმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე ჯილდოები მოიპოვა. 1965 წელს გადაიღო ა. საფრონოვის „მზარეული“. რეჟისორს პოპულარობა მოუტანა 1966 წელს გადაღებულმა ფილმმა „მოუხელთებელი შურისმაძიებლები“ (მეორე ეკრანიზაცია პ. ბლიახინის რომანის „წითელი ეშმაკუნების“ მიხედვით. პირველი ივანე პერესტიანმა გადაიღო 1923 წელს). ეს სათავგადასავლო ფილმი 1960-იანი წლების კინოს ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მოვლენად იქცა და მას ორი გაგრძელება მოჰყვა („მოუხელთებლების ახალი თავგადასავალი“ - 1968 და „რუსეთის იმპერიის გვირგვინი, ანუ ისევ მოუხელთებლები“ - 1971). ისინიც არანაკლებ თბილად მიიღო მაყურებელმა.

1970-იან წლებში ედმონდ კეოსაიანი „არმენფილმში“ მუშაობისას შეეხო ეროვნულ სომხურ თემას ფილმების — „კაცები“ და „დავიწყებული ზღაპრების ხეობა“ გადაღებით. 1975 წელს მან „მოსფილმში“ გადაიღო ფილმი „როცა სექტემბერი დგება", რომელმაც მიიღო ვატიკანისა და ბრიტანეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზები. 1977 წელს გადაიღო ფილმი „იმედის ვარსკვლავი“, რომელიც შესანიშნავად ასახავდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას მხითარ სპარაპეტის მეთაურობით. 1982 წელს კეოსაიანმა კვლავ დაიწყო მუშაობა „მოსფილმში“, სადაც გადაიღო ფილმები „სადღაც მოლაღური ტირის…“ (1982) ანტიფაშისტური წინააღმდეგობის გმირების შესახებ და „ამაღლება“ (1989) რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ. რეჟისორი ერთდროულად ასრულებდა მისი ფილმების სცენარების ავტორის ან თანაავტორის როლს.

კეოსაიანის საფლავი კუნცევოს სასაფლაოზე

ედმონდ კეოსაიანი გარდაიცვალა 1994 წლის 20 აპრილს. დასაფლავებულია მოსკოვში, კუნცევოს სასაფლაოზე.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეუღლე — ლაურა გევორგიანი კინომსახიობი, სომხეთის დამსახურებული არტისტი
  • უფროსი ვაჟი — დავით კეოსაიანი, მოსკოვის ტელეჟურნალისტი, ტელესახე, პროდიუსერი.
  • უმცროსი ვაჟი — ტიგრან კეოსაიანი, ცნობილი რეჟისორი, კლიპის შემქმნელი, პროდიუსერი, ტელეწამყვანი რუსეთში.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1976 — რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1976 — სომხეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 — საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე[2]
  • 1968 — ლენინური კომკავშირის პრემია

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1962 — კიბე
  • 1963 — სამი საათი გზაზე
  • 1964 — სად ხარ ახლა, მაქსიმ?
  • 1965 — მზარეული
  • 1966 — მოუხელთებელი შურისმაძიებლები
  • 1968 — მოუხელთებლების ახალი თავგადასავალი
  • 1971 — რუსეთის იმპერიის გვირგვინი, ანუ ისევ მოუხელთებლები
  • 1973 — კაცები
  • 1974 — მიტოვებული ზღაპრების გამოქვაბული
  • 1975 — როდესაც სექტემბერი დგება
  • 1977 — იმედის ვარსკვლავი
  • 1979 — ლეგენდა ჯამბაზზე
  • 1982 — სადღაც მოლაღური ტირის…
  • 1988 — ამაღლება

სამსახიობო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1964 — სად ხარ ახლა, მაქსიმ?
  • 1971 — რუსეთის იმპერიის გვირგვინი, ანუ ისევ მოუხელთებლები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ժամանակը չէ՞, արդյոք, էկրանում հնչեցնելու Դավթի անունը, «Գարուն», 1967, № 6

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кеосаян Эдмонд Гарегинович
  2. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები 1980. N11. გვ. 29