ეგნატე იოსელიანი (რევოლუციონერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსელიანი.

ეგნატე ონისიმეს ძე იოსელიანი (დ. 1843, ქუთაისის მაზრა — გ. 1926) — ქართველი რევოლუციონერ-ხალხოსანი..

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მღვდლის ოჯახში. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგის სამიწათმოქმედო ინსტიტუტში. მეტად ბეჯითი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა საფუძვლიანად დაეუფლა მეცნიერების სხვადასხვა დარგს, განსაკუთრებით ფილოსოფიას და სოციოლოგიას. კარგად იცოდა რამდენიმე უცხო ენა. ღრმა განსწავლულობით მან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა სტუდენტთა შორის.

იმხანად პეტერბურგში არსებობდა რამდენიმე ხალხოსნური წრე (მათ შორის „ქართველთა წრე“) რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ ძირითადად სტუდენტები. ერთ-ერთი წრე იყო „კავკასიელთა რევოლუციური წრე“, რომელსაც ეგნატე იოსელიანი ხელმძღვანელობდა. აქ უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. ამ წრიდან გამოსულები შემდგომ აქტიურად მონაწილეობდნენ მოსკოვის, ვლადიმირის, კიევის, თბილისის, ქუთაისის და სხვა გუბერნიების ხალხოსნური წრეების პრაქტიკულ რევოლუციურ საქმიანობაში.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე ე. იოსელიანმა შემოიკრიბა მოსწავლე ახალგაზრდობა, მათგან შეადგინა რაზმები, რომელთაც უხვად ურიგებდა რევოლუციურ ლიტერატურას პირადი ბიბლიოთეკიდან, აძლევდა რჩევა-დარიგებას. მის ბინაში ხშირად იმართებოდა თათბირები და კრებები, სადაც შეიქმნა საიდუმლო წრე. მან კავშირი გააბა ამიერკავკასიის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ რევოლუციურ ახალგაზრდობასთან და დაეხმარა მათ წრეების ჩამოყალიბებაში. ამით ე. იოსელიანმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. „რევოლუციის პაპას“ ემორჩილებოდა კავკასიის ყველა რევოლუციური წრე და მის გარეშე არ წყდებოდა არც ერთი საკითხი. მისი ასეთი აქტივობა არ გამორჩენია ხელისუფლებას. 1876 წელს იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს, საიდანაც 80-იან წლებში დაბრუნდა.

ხალხოსნური მოძრაობის კრახის შემდეგ სხვებთან ერთად ე. იოსელიანმაც განიცადა ევოლუცია და ხელი აიღო საიდუმლო-რევოლუციურ საქმიანობაზე და პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზს თანდათან ჩამოსცილდა.

1900-იანი წლებიდან თბილისში მოღვაწეობდა, იყო კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების მდივანი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 189, თბ., 1994