შინაარსზე გადასვლა

დრაკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დრაკონი

დრაკონი („გველი“) — გველეშაპი, ურჩხული, საშინელი ცეცხლისმფრქვეველი და სისხლისმღვრელი უწმინდური, რომელიც ზღვაში ან ხმელეთზე ცხოვრობდა, ჩვეულებრივ ადამიანის მსხვერპლს ითხოვდა და იცავდა რაიმე განძს (მაგ., ოქროს საწმისს არესის ჭალაში, კოლხეთში). არესის დრაკონად ითვლებოდა კადმოსის მოკლული ურჩხულიც თებეში.

დრაკონის კბილები — თებეს ციკლის თქმულებებში კადმოსის მიერ მოკლული დრაკონის კბილები, რომლებიც გმირმა დათესა, მიწიდან ამოსულ ბუმბერაზებს შეება და დახოცა, გადარჩა მხოლოდ ხუთი, რომელთა დახმარებითაც სახელოვანი ქალაქი თებე ააშენა. ამბავი მეორდება არგონავტების თქმულებაში, სადაც კბილებს იასონი თესავს არესის ველზე, კოლხიდაში.

საბერძნეთის შემდეგ დრაკონი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ჩინურ მითოლოგიაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქაც უზარმაზარი ცეცხლისმფრქვეველი ღია პირი აქვს, ბასრი კბილები, 2 რქა, ღამურისებური ფრთები ან მხოლოდ კლანჭებიანი ფეხები, ზრდა-დაკლებისა და გაუჩინარების უნარი. ცხოვრობს წყალში (საბერძნეთშიც უფრო წყალს, ჭაობს, ზღვას უკავშირდება). ამოდის ხშირად ხმელეთზე, მეტადრე გაზაფხულზე, ადის ცაში.

ჩინელთა დრაკონი იმით განსხვავდება, რომ ადამიანებს კეთილი თვალით უყურებს ხოლმე, უგზავნის წვიმას, თუმცა მეხსა და ქარიშხალსაც, რითაც ღვთაების რანგში ადის. გვიანდელ მითოლოგიაში გარჩეულია ცისა და მიწის, წყალთა ქვესკნელის, ღმერთთა სასახლის გუშაგის და სხვა სახეობის დრაკონები. საერთოდ იმპერატორთა ძალაუფლების სიმბოლოა, და როგორც ასეთი, ჩინელ მხატვართა მუდმივი თემა. წარმოშობა უცნობია, ვარაუდობენ, რომ შვა გველმა ან ნიანგმა.

  • ა. გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983.