დონორთა კონფერენცია საქართველოს რეაბილიტაციისთვის 2008

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დონორთა კონფერენცია საქართველოს რეაბილიტაციისთვის ჩატარდა 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში, ბელგია. შეკრებას მასპინძლობდა ევროკომისია და მსოფლიო ბანკი. შეკრების მიზანი რუსეთთან ომის გამო ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნილი ქვეყნის დახმარება იყო. კონფერენციაში მონაწილე 70 ქვეყანა და კერძო დონორი საქართველოსთვის სამი წლის განმავლობაში $4.55 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა, რაც დაახლოებით 1 მილიარდით აღემატებოდა მსოფლიო ბანკის წინასწარ გათვლებს.

მწვავე გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე კონფერენციის შედეგი მოულოდნელად წარმატებული გამოდგა. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი ბენიტა ფერერო-ვალდერის განცხადებით ეს თანხა მოიცავდა $3,7 მილიარდს საზოგადოებრივი ფონდებიდან და $850 მილიონს კერძო სექტორიდან. "უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არის გაცილებით მეტი, ვინემ ჩვენ ვფიქრობდით, და შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ეს ნამდვილად სასიხარულო დღეა," განაცხადა ბატონმა ფერერო-ვალდერმა.[1]

უმსხვილეს დონორთა შორის იყვნენ აშშ ($1 მილიარდი), ევროკომისია ($642,8 მილიონი) და იაპონია ($200 მილიონი). დანარჩენი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიო ბანკის ვალდებულებაა. ევროკომისიის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროსოს განცხადებით კონფერენციის შედეგი "ძლიერი სიგნალია მსოფლიოსთვის", რომ მისი წევრები საქართველოს უჭერენ მხარს.[2]

გამოყოფილი თანხიდან $2 მილიარდი გრანტია, ხოლო დანარჩენი — დაბალი საპროცენტო განაკვეთის სესხი. გარდა იმ თანხებისა, რომელიც ფინანსურ სექტორს მოხმარდება, 3.7 მილიარდი დოლარი მოხმარდება პოსტ-კონფლიქტურ რეაბილიტაციას და გადაუდებელ საინვესტიციო საჭიროებებს მომდევნო სამი წლის მანძილზე.

გამოყოფილი თანხა უპირველეს ყოვლისა ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 48 000 ლტოლვილის დაბინავებას მოხმარდება. ზოგიერთი მიმომხილველის ვარაუდით ასეთი რაოდენობის თანხის ერთბაშად ქვეყანაში შემოსვლამ შესაძლოა კორუფციის გამწვავება გამოიწვიოს. საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კონფერენციის მონაწილეებს თხოვნით მიმართეს მკაცრი მონიტორინგი დააწესონ რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვაზე, რათა ეს თანხა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმტკიცების ნაცვლად, მიზნობრივად დაიხარჯოს.[1]

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის აგვისტომდე საქართველო სწრაფი ეკონომიკური აღმავლობის გზაზე იყო. მშპ-ის ზრდის წლიური ტემპი ბოლო სამი წლის განმავლობაში 10%-ს აღემატებოდა. უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 2007 წელს გასამმაგდა და დაახ. $2 მილიარდი დოლარი გახდა.[2]

7 აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ სატრანსპორტო გზები საქართველოს მთავარ შავი ზღვის პორტთან გადაიკეტა და, შესაბამისად, იმპორტიორთა უმრავლესობამ დათქმული ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა. ფასები ქართული კომპანიების აქციებზე მკვეთრად დაეცა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კი ბანკებს მიაწყდა, რამაც ბანკებიდან $165 მილიონის გადინება გამოიწვია. ომი დაემთხვა ტურისტული სეზონის პიკს, რის გამოც მნიშვნელოვნად იზარალა ამ სექტორმაც.

უპირატესობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ბანკის გათვლით საქართველოს $3,25 მილიარდი სჭირდება "ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის, სოციალური სექტორის დახმარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის." დახმარების დიდი ნაწილი, დაახ. $3,7 მილიარდი, მოხმარდება სოციალურ და სამშენებლო პროგრამებს. დამატებით $850 მილიონი დაიხარჯება კერძო სექტორში, რამაც დონორთა იმედით უნდა აანაზღაუროს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების გადინებით შემცირებული ხარჯები.

სოციალური დახმარება და დაზიანებული ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უპირველესი პრიორიტეტად გამოცხადდა სოციალური საჭიროებები დევნილებთან და დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ამ საჭიროებების მხარდასაჭერად დონორებმა 450 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფის პირობა დადეს.

საჭიროებების შეფასების ანგარიშმა, რომელიც მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა მისიამ მოამზადა, დაადგინა, რომ $122 მილიონი დოლარი საჭირო იქნება სხვადასხვა სოციალური დახმარებებისთვის; აქედან $70 მილიონი დოლარი მოხმარდება ღარიბთა ახლად შექმნილ ფენას და დევნილთა გადაუდებელი დახმარების ღონისძიებებს - 52 ლარი თვეში 110,000 დევნილისთვის 6 თვის მანძილზე, ხოლო 40,000 დევნილისთვის — 12 თვის მანძილზე.[3]

ანგარიშის თანახმად, $61 მილიონი დოლარია საჭიროა დაზიანებული ინფრასტრუქტურის დაუყონებლივ აღსადგენად. ეს ძირითადად ეხება მძიმე ტექნიკის გადაადგილების შედეგად ზედაპირულად დაზიანებული გზების შეკეთებას, ასევე დაზიანებული საავიაციო რადარის და თბილისის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის აღდგენას.

საჭიროებათა შეფასების დოკუმენტის თანახმად, პირდაპირი ზიანი, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურას მიადგა 18 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა; რკინიგზას - 4 მილიონ დოლარად; ფოთის პორტს - 1 მილიონ დოლარად, ხოლო ავიაციას - 38 მილიონ დოლარად.

ბიუჯეტის დეფიციტის დაძლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე უპირატესი მიმართულება იქნება ”მწვავე საბიუჯეტო დეფიციტის დაძლევა, რაც გამოიწვია როგორც უცხოური ინვესტიციების შემცირებამ, ასევე ეკონომიკური აქტივობის დაცემამ,” (მსოფლიო ბანკი). ბიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლად $586 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

იმ ფინანსური დისბალანსის ფონზე, რომელიც ბიუჯეტში წარმოიშვა, 2008 წელს $480 მილიონი დოლარის საბიუჯეტო დახმარება, ხოლო 2009 წელს — $450 მილიონი დოლარის საბიუჯეტო დახმარება იქნება საჭირო.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, შემოსავლების დეფიციტი კრიზისამდე არსებულ პროგნოზებთან შედარებით შეადგენს $385 მილიონ დოლარს 2008 წლისთვის და $640 მილიონ დოლარს 2009 წლისთვის. დამატებითი დეფიციტია მოსალოდნელი პრივატიზაციიდან შემოსულ თანხებში.

საბანკო სექტორის რეაბილიტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე პრიორიტეტია საქართველოს საბანკო სექტორის დახმარება. ამ სექტორმა ”განსაკუთრებული დარტყმა მიიღო ინვესტორთა ნდობის დაცემის გამო,” ისევე როგორც ზოგადად საერთაშორისო ფინანსური კრიზისის გამო. $850 მილიონი დოლარი გამოიყო საქართველოს კომერციული ბანკების მხარდასაჭერად სესხების, ფასიანი ქაღალდების და გარანტიების საშუალებით. ”საბანკო სექტორმა გაუძლო კონფლიქტის პირდაპირ ზემოქმედებას, თუმცა კვლავ რჩება მოკლევადიანი პოსტ-კონფლიქტური გამოწვევები,” — ნათქვამია საჭიროებათა შეფასების მოხსენებაში. სავარაუდოდ 2009 წელს წამყვან ბანკებს საგარეო ვალდებულებების სახით $500 მილიონი დოლარი იქნება გადასახდელი. საბანკო სისტემის რეფინანსირებისა და მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად დაიხარჯება $700 მილიონი დოლარი.

ძირითადი ინვესტიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე პრიორიტეტია რამდენიმე ”ძირითადი ინვესტიციის” განხორციელება სატრანსპორტო, ენერგეტიკის და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. ”ძირითადი ინვესტიციები” განმარტებულია, როგორც პირველადი საჭიროების ინვესტიცია, რომელიც აუცილებელია იმ პერიოდამდე, სანამ კერძო სექტორი თავად შეძლებს ინვესტიციების განხორციელებას ამა თუ იმ სექტორში. ამ სახის საინვესტიციო სახსრებისთვის გამოიყო $2.65 მილიარდი დოლარი.

ქვეყნის ენერგოსექტორზე მიყენებული პირდაპირი ზიანი $12 მილიონ დოლარს შეადგენს. ხოლო ამ სფეროში ”ძირითადი ინვესტიციების” რაოდენობა კი განსაზღვრულია $205 მილიონ დოლარად. ეს მაჩვენებელი ითვალისწინებს სენაკის 200 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციას, რაზეც $28 მილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს და ასევე გაზსაცავის მშენებლობას, რაც $177 მილიონ დოლარს საჭიროებს.

მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას სულ $257 მილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება. ეს თანხა მოიცავს ინვესტიციებს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო ტრანსპორტისთვის და მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა საგზაო მოძრაობის კონტროლი და მართვა, საზოგადოებივი ტრანსპორტი, ავტოსადგომების სისტემები და საგზაო ქსელი.

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიუსელის კონფერენციაზე დონორთა მიერ შეგროვლ თანხას ასევე ემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ადრე გამოყოფილი $750 მილიონი დოლარი. სავალუტო ფონდის თანხა მოხმარდება მხოლოდ სარეზერვო ფონდების მხარდაჭერას.

ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა კომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერის განცხადებით, დონორები საქართველოსგან მოელიან დემოკრატიული რეფორმების გზის გაგრძელებას და "მოუწოდებენ საქართველოს უფრო მაღალი სტანდარტებისკენ მისწრაფებას." კერძოდ, მან მოუწოდა სასამართლო და საფინანსო რეფორმების დაჩქარებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფისკენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Donors pledge $4.5bn to Georgia. BBC News. 22 October 2008. წაკითხულია 22 ოქტომბერს, 2008 წ.
  2. 2.0 2.1 West Pledges $4.5 Billion to Rebuild Georgia. ნიუ-იორკ ტაიმზი. 22 ოქტომბერი, 2008.
  3. 4.55 მილიარდი დახმარების უპირატესობები, სივილ ჯორჯია. 23 ოქტომბერი, 2008.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]