დისჟეის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დისჟეის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს აღმოსავლეთით, 4-5 კილომეტრის მოშრებით, დისჟეის მთაზე. გამოკვლეული თიხის ჭურჭლის მიხედვით თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევრით.

ძეგლი დააზიანა აქვე განლაგებულმა სამხედრო ნაწილმა, რომელმაც ძეგლის თავდაცვითი თხრილი გაჭრა და მთის ძირიდან თხემამადე სამანქანო გზა გაიყვანა.

ძეგლი 1980 წელს დაზვერა კახეთის არქეოლოგიურიმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით.

აქ მოგროვებული კერამიკისათვის დამახასიათებელია: ქვიშანარევი, მტკიცე კეცი, ლეგა გამოწვა, მოგლუვებული, თუმცა მაინც უხეში ხაოიანი ზედაპირი. ორი ფრანგმენტი დანარჩენებისაგან გამოირჩევა კარგად გაპრიალებული შავი ზედაპირით, თეთრი, წმინდა, ჩანართებიანი კეცით და წაბლისფერი შიდაპირით. არის ისეთი ლეგა ჭურჭელიც, რომლის ზედაპირიც კონცენტრული, ამოღარული ხაზებითაა დაღარული, ხოლო მხარზე მოკლე, ირიბი ნაჭდევები შემოსდევს. შეგროვებულ მასალაში ასევე არის პირგადაშლილი ლანგრის ფრაგმენტიც, რომლის კეცი, მეორადი გამოწვის გამო ვარდისფერია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]