დიოტიმა მანტინეიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიოტიმა მანტინეიელი (ბერძ. Διοτίμα  ; ლათ. Diotīma) ძველი ბერძენი მისანი და ფილოსოფოსი. სავარაუდოა, რომ ცხოვრობდა დაახლოებით ძვ.წ. 440 წელს. დიოტიმა მანტინეიელის სახელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პლატონის დიალოგში "ნადიმი" . დიალოგის მიხედვით, სწორედ დიოტიმას აზრებს ეყრდნობა პლატონური სიყვარულის იდეა.

ვინაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Jadwiga Łuszczewska, ქალი, რომელმაც სამწერლო ფსევდონიმად სახელი დიოტიმა გამოიყენა, იოზეფ სიმლერის ნახატზე პოზირებს უძველესი მისნის როლში, 1855

სახელი დიოტიმა ძველი ბერძნული წარმოშობის ორი სიტყვის ფუძის კომბინაციით მიღებული სახელია. მომდინარეობს ბერძნული Διός (Dios; ღმერთის, ე.ი. ზევსის) და ზმნიდან τιμάω (timao; თაყვანისცემა, პატივის მიგება).

პლატონის დიალოგში "ნადიმი" მინიშნებულია, რომ ქურუმი დიოტიმა პელოპონესის ქალაქ მანტინეადანაა, რომელიც დიალოგის თანამედროვე ეპოქაში ქალაქ ათენის მოწინააღმდეგე იყო.

ვინაიდან დიოტიმას სახელს მის თანამედროვე მოღვაწეთაგან მხოლოდ პლატონის წყაროებში ვხვდებით, გაჩნდა ეჭვი, რომ ის, შესაძლოა, არა ნამდვილი ისტორიული პერსონა, არამედ გამოგონილი ლიტერატურული პერსონაჟი გახლდათ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის სრული უმრავლესობა იმ პერსონაჟთა სახელებისა, რომლებიც პლატონის დიალოგებში გვხვდება, რეალურად შეესაბამება ძველი ათენის მოქალაქეთა ვინაობას. მეორე საუკუნის ცნობარი დიოტიმას შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლუციანეს ნაშრომებში.[1]

XIX და XX საუკუნის პირველი პერიოდის მკვლევართა ერთი ნაწილის თეორიით, პლატონმა დიოტიმას პერონაჟი საკუთარ შემოქმედებაში ათენის იმ დროინდელი მმართველის, პერიკლეს მეუღლის, ასევე სწავლული ასპასიას შთაგონებით გამოაჩინა. იგი აღფრთოვანებული უნდა დარჩენილიყო მისი სიბრძნითა და ინტელექტით. თუმცაღა, ასპასია საკუთარი სახელითვე გვევლინება პლატონის ერთ-ერთ დიალოგში "მენექსენოსი". ხოლო მკვლვართა სხვა ნაწილი დარწმუნებით მიიჩნევს, რომ პლატონის შემოქმედებაში გამოგონილი სახელი ან/და ვინაობანი არ გვხვდება, რითიც ამტკიცებენ, რომ დიოტიმა სწორედ ისტორიულად ნამდვილი ფიგურა იყო. დიალოგში "ნადიმი" დიოტიმას მიერ შემოთავაზებული ნარატივი და ფილოსოფია პოზიციურად განსხვავდება სოკრატეს ან პლატონის იდეებისაგან. სოკრატე ამბობს, რომ მისი მასწავლებელი სწორედ სოფისტი ქალი, დიოდემა მანტინეიელი იყო. ამას ეყრდნობა სამეცნიერო აზრის ნაწილიც, როცა დიოტიმას არსებობას ამტკიცებს.[2]

პირველი საუკუნით დათარიღებულ, პომპეიში აღმოჩენილი ბრინჯაოს რელიეფზე გამოსახულია სოკრატე და უცნობი ქალის ფიგურა, ფრთოსან ეროსთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამეცნიერო აზრით ამ სურათზე მჯდომი ქალი დიოტიმა მანტინეიელია, სხვები ამტკიცებენ, რომ რელიეფზე გამოსახული ინკოგნიტო ქალის გარეგნობა (განსაკუთრებით კი ყელსაბამი) მიანიშნებს, რომ ის შესაძლოა აფროდიტე ან ასპასია იყოს. ძვ. წ. II - V საუკუნეების წერილობითი ძეგლები დიოტიმას რეალურ პიროვნებად მოიხსენიებს, თუმცა, დასაშვებია, რომ ეს ტექსტები სწორედ პლატონის ცნობებს ეყრდნობა. ვარაუდი, რომ დიოტიმა მანტინეიელი გამოგონილი ფიგურაა, პოპულარული ხდება მხოლოდ XV საუკუნის შემდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ კუთხით რენესანსის ეპოქის იტალიელი სწავლულისა და კათოლიკე ბერის, მარსილიო ფიჩინოს კვლევა.

ნადიმი - დიოტიმას როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლატონის დიალოგში "ნადიმი" წვეულების სტუმრები საუბრობენ სიყვარულის გარშემო და მის მნიშვნელობას განიხილავენ. სოკრატე ამბობს, რომ ახალგაზრდობაში მას "სიყვარულის ფილოსოფია" სწორედ მისანმა და ქურუმმა დიოტიმამ ასწავლა. სოკრატე ასევე აღნიშნავს, რომ დიოტიმამ წარმატებით შეაჩერა ჭირი ათენში და ქალაქი გადაარჩინა. სოკრატე ასევე იხსენებს დიოტიმასთან დიალოგს და დასძენს, რომ მისი დახმარებით შეძლო სიყვარულისა და შეყვარებულობის რაობის განსაზღვრა/გამიჯნვა. მისი თქმით, სიყვარული არ შეიძლება იყოს სრულად მშვენიერი ან/და სრულად კეთილი, როგორადაც მას იქ შეკრებილი საზოგადობა ახასიათებდა. დიოტიმამ სოკრატეს სიყვარულის, იგივე ეროსის გენეალოგია დაუხატა. მისი თქმით, ეროსი "პოროსისა და პენიას ვაჟია", ანუ წყაროსა (ბერძ. πόρος; ლათ. poros) და წყურვილის, საჭიროების (ბერძ. πενία; ლათ. penia) პროდუქტია. მისი აზრით, სიყვარული ინდივიდუალური სილამაზისკენ, უპირველესად, მიწიერი მშვენიერებისა და მშვენიერი სხეულებისკენ გვახედებს. შემდგომში, როდესაც სიყვარული სიბრძნისკენ იღებს გეზს, მშვენიერების ძიებაც სხვა, უფრო მაღალ განზომილებაში გადაინაცვლებს. დიოტიმასთვის სიყვარულის ყველაზე სასურველი შედეგი შეყვარებულის გონების სიბრძნისკენ, ანუ ფილოსოფიისკენ მიმართვაა.[3] საყვარელი ადამიანის მშვენიერება გონებასა და სულს შთააგონებს და მის აზრებსაც მშვენიერებისაკენ მიმართავს.

"ვინც ეროტიულ მისტერიათა ამ სტადიამდე ამაღლდება, ვინც თანმიმდევრობით განჭვრეტს მშვენიერების ყველა საფეხურს, ზიარების ზღვარს მიღწეული ანაზდეულად იცილავს გასაოცარ მშვენიერებას, სწორედ მას, სოკრატე, რისთვისაც ადრე იღწვოდა იგი - მშვენიერებას მარადიულს, ხელთუქმნელსა და წარუდინებელს, თავისუფალს ავსებისა და განლევისაგან, მშვენიეერებას, სახიერს თავის ყველა გამოვლენაში. (დიოტიმა სოკრატესთან დიალოგში, ნადიმი, თავი XXIX )

ქალის რელიეფი, რომელსაც ჰეპატოსკოპიისთვის ღვიძლი უჭირავს. სავარაუდოდ, დიოტიმა მანტინეიელისგამოსახულება.

ბოლოდროინდელი ინტერპრეტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისიდან დიოტიმას დეჰისტორიზაცია რამდენიმე სწავლულის, მათ შორის მერი ელენ ვაითეს, კვლევის საგანი გახდა.[4] 2005 წელს მარგარეტ ურბან უოკერმა შეაჯამა ვაითეს კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ ”...მტკიცებულებები დიოტიმას პიროვნების რეალურობის შესახებ არსებითია." [5]

2019 წელს ოქსფორდის კლასიკურმა მკვლევარმა არმან დ’ანგურმა გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით შეყვარებული სოკრატე: ფილოსოფოსის შექმნა წარმოდგენა, სადაც პირველად იქნა წარმოდგენილი ახალი თეორია დიოტიმას ასპასიასთან გაიგივების შესახებ. მისი არგუმენტები რამდენიმე საკვანძო ინფორმაციიდან გამომდინარეობს და შესაძლებელს ხდის დიოტიმას პერონაჟის უკეთ დანახვას ანტიკური მანტინეიის თანამედროვე რეალობაში.

იხილეთ დამატებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მომხსენებლების სია პლატონის დიალოგებში
  • დიოტიმას სიყვარულის კიბე
  • მეტაქსია

გარი კორბის მისტიური რომანები, რომლებშიც დიოტიმას პერსონაჟი წამყვანი სახით გვხვდება.

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lucian. Imagines. In Lucian, Vol. 4. Translated by A. M. Harmon. Cambridge: Harvard University Press; London: William Heinemann Publ., 1925, 289.
  2. Salisbury, Joyce (2001). Encyclopedia of women in the ancient world. ABC-CLIO. ISBN 978-1576070925. OCLC 758191338. 
  3. Plato, Symposium, 210a–212b
  4. Waithe, Mary Ellen (1987). „Diotima of Mantinea“, A History of Women Philosophers: Volume I: Ancient Women Philosophers, 600 BC–500 AD. Martinus Nijhoff, გვ. 83–116. ISBN 9789024733484. 
  5. Urban Walker, Margaret (Summer 2005). „Diotima's Ghost: The Uncertain Place of Feminist Philosophy in Professional Philosophy“. Hypatia. 20 (3): 153–164. doi:10.2979/hyp.2005.20.3.153. JSTOR 3811120.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნავია, ლუის ე., სოკრატე, ადამიანი და მისი ფილოსოფია, გვ. 30, 171. ამერიკის უნივერსიტეტის პრესაISBN 0-8191-4854-7 .
  • ევანზი, ნენსი. ”დიოტიმა და დემეტრე, როგორც მისტაგოგები პლატონის სიმპოზიუმში”. ჰიპატია, ტ. 21, არა. 2, 2006, გვ. 1–27. http://www.jstor.org/stable/3810989 .