პერიკლე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერიკლე

პერიკლე (დ. დაახლ. ძვ. წ. 494 - გ. ძვ. წ. 429) — ათენის პოლიტიკური მოღვაწე. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ცნობილი ორატორი და სარდალი. ძვ. წ. 444 წელს, თუკიდიდეს დამხობის შემდეგ განაგებდა ქვეყანას, ძვ. წ. 445 წელს დაიმორჩილა ევბეია, ხოლო 440 წელს — სამოსი. პერიკლემ თავის გარშემო შემოკრიბა საბერძნეთის წამყვანი კულტურის მოღვაწენი და არაერთ დიდ საქმეს დაადგეს თავი, სწორედ მისი მმართველობის ხანაში ათენმა მიაღწია ეკონომიკური და კულტურული განვითარების პიკს (პერიკლეს ხანა).

მიეკუთვნებოდა ალკმეონიდთა არისტოკრატიულ გვარს, მაგრამ იზრდებოდა დემოკრატთა გარემოცვაში. მიიღო დიდებული განათლება. თავისი ათლეტური აღნაგობის, არისტოკრატობისა და მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათის გამო პერიკლეს „ოლიმპიელს“ უწოდებდნენ. იგი 15 წელი (ძვ. წ. 444-429 წწ.) უცვლელად იყო ათენის სტრატეგოსი, მართავდა პრინციპით: „ჩვენ ვქმნით დროის მცირე მონაკვეთში, მაგრამ არა დროის მცირე მონაკვეთისათვის“.

პერიკლეს ხანა[რედაქტირება]

პერიკლეს სახელთან არის დაკავშირებული მრავალი რეფორმა, რომლებმაც ხელი შეუწყო ათენის სახელმწიფოს წყობილების დემოკრატიზაციას. გააუქმა ქონებრივი ცენზი სახელმწიფო სამსახურისთვის, დააწესა ჯამაგირი (დიეტა) და ამით სახელმწიფო მართვა-გამგეობაში უღარიბესი ფენებიც ჩააბა. გააფართოვა სახელმწიფო კრების (ეკლესია) უმაღლესი საკანონმდებლო უფლებანი. მანამდე არსებული ღია ხმის მიცემის (ქეიროტინია) გვერდით საარჩევნო ფორმად შემოიღო კენჭისყრა. თეატრალურ სანახაობებზე დასასწრებად ღარიბთათვის დააწესა სახელმწიფო ხაზინიდან ფულის გაცემა (თეორიკონი). სანახაობებისა და მისტერიების ხარჯები დააკისრა მდიდარ მოქალაქეებს (ლიტურგია). უმიწაწყლო გლეხობას ასახლებდა საგანგებოდ გამოყოფილ მიწებზე (კლერუქია). პერიკლეს დროის ათენს უწოდებდენ „საბერძნეთს საბერძნეთში“. ამ ეპოქაში მოღვაწეობდნენ ფიდია, კალიკრატე, იქტინე, სოფოკლე და სხვა. ხელახლა აშენდა აკროპოლისი, პროპილეთი, პართენონი, ედეანი. აშენდა ნავსადგურები პირეოსი და ფალერონი. ათენი და პირეოსი მთლიანად გაერთიანდა. პერიკლეს უკანასკნელი სიტყვები იყო:„არც ერთ ათენელს ჩემი მიზეზით სამგლოვიარო თალხი არ ჩაუცვამსო“. პერიკლეს მართველობა „ოქროს საუკუნის“ სახელით შევიდა ისტორიაში. კარლ მარქსის თქმით საბერძნეთის უმაღლესი აყვავება ემთხვევა პერიკლეს ეპოქას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]