დიმიტრი ტაბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიმიტრი ტაბიძე (დ. 15 აპრილი, 1901 — გ. 19 ნოემბერი, 1965) — ქართველი აგრონომ-მევენახე-ამპელოგრაფი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1957), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

დიმიტრი ივანეს ძე ტაბიძე დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ხონში, 1901 წლის 15 აპრილს. 1925 წელს დაამთავრა თსუ-ს აგრონომიის ფაკულტეტი. 1930–1932 წლებში სწავლობდა მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში, (ქ. ლენინგრადი) რომლის დამთავრების შემდეგ 1935-1944 წლებში ჯერ თელავის მევენახეობის და მეღვინეობის საკავშირო ინსტიტუტის, ხოლო შემდეგ საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სელექციის განყოფილების გამგე იყო, 1944-1946 ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1946-1956 — სელექციისა და ამპელოგრაფიის განყოფილების გამგე. 1956-იდან გარდაცვალებამდე — საქართველოს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზის სელექცია-ჯიშთმცოდნეობის განყოფილების გამგე. 1940 წლიდან დ.ტაბიძე "საბჭოთა კავშირის ამპელოგრაფიის" ნაშრომის გამოცემის რედკოლეგიაში სამეცნირო კონსულტატი იყო ვაზის ქართული ჯიშების საკითხში, ხოლო 1951 წლიდან მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. სწორედ მას ეკუთვნის "საბჭოთა კავშირის ამპელოგრაფიის" ტომებში გამოქვეყნებული ქართული ვაზის ჯიშების დიდი ნაწილის სრული მონოგრაფიები. 1944 წლიდან ტაბიძე საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სამინისტროსთან არსებული ცენტრალური ამპელოგრაფიული კომისიის წევრი იყო. დიმიტრი ტაბიძე არის 200 სამეცნიერო შრომის ავტორი. მისი ძირითადი ნაშრომებია: "ვაზის ჯიშები საბჭოთა შამპანურისათვის. თბილისი. 1941. "საქართველოს ვაზის ჯიშები. ტომი II - კახეთის ჯიშები" თბილისი, 1954. Продвижение промышленной культуры винограда в новые горные районы Грузинской ССР. издательство Академии Наук СССР, Москва, 1957. 1960 წელს აკად.ნ.კეცხოველთან და მ.რამიშვილთან ერთად გამოსცა კაპიტალური ნაშრომი "საქართველოს ამპელოგრაფია" თბილისი. საქ. სსრ მეცნ. აკადემია. 1960. გამოყვანილი აქვს ვაზის ახალი ჯიშები: ქართული საადრეო, სახალხო თეთრი, ქართული მუსკატი და სხვა. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტაბიძე დ. 1954. კახეთის ვაზი ჯიშები. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“. თბილისი. 425გვ.
  • ქსე 1980. ნიკოლოზ კეცხოველი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 5. 479გვ.
  • ქსე 1984. მაქსიმე რამიშვილი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 8. 299გვ.
  • ქსე 1985. დიმიტრი ტაბიძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 9. 635გვ.
  • Энциклопедия 1987. М. Рамишвили. Д. Табидзе. В: Энциклопедия виноградарства. В 3х томах. Гл. ред. А.И. Тимуш. Кишинев. Издание Молдавской советской энциклопедии. стр. 20, 200.
  • Виноделие и Виноградарство СССР #2 (241), стр. 63, 1966
  • Продвижение промышленной культуры винограда в новые горные районы Грузинской ССР. издательство Академии Наук СССР, Москва, 1957.
  • ვაზის ჯიშები საბჭოთა შამპანურისათვის. თბილისი. 1941
  • ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი დ. ტაბიძე, საქართველოს ამპელოგრაფია, თბილისი. საქ. სსრ მეცნ. აკადემია. 1960. 439გვ.