დილარამ ხანუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დილარამ ხანუმი (სპარს.:دلارام خانم‎‎; დ. დაახლ. 1595 — გ. 1647) — სეფიანთა ირანის შაჰის, სეფი I-ის დედა, შაჰ-აბას I-ის ვაჟის, მუჰამედ ბაყერ მირზას ერთ-ერთი ცოლი, წარმოშობით ქართველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1610 წელს მოხვდა სეფიანთა შაჰის ჰარამხანაში. აბას I-მა ის საკუთარ ვაჟსა და მემკვიდრეს, მუჰამედ ბაყერს მიათხოვა. 1611 წელს მან გააჩინა მომავალი შაჰი, აბულ-ნასერ საამ მირზა.

1615 წელს შაჰმა ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა მუჰამედ ბაყერი. დილარამ ხანუმი ხორასანიდან ისპაჰანის სასახლეში გადაიყვანეს. მისი ვაჟი კი ჰარამხანაში გამოკეტეს. შაჰ-აბასმა თავისი ვაჟის უდანაშაულობის გარკვევის შემდეგ თავის მემკვიდრედ სწორედ მისი უფროსი შვილიშვილი, საამ მირზა დაასახელა. 1629 წელს შაჰის გარდაცვალების შემდეგ, საამ მირზა სეფი I-ის სახელით ავიდა ირანის ტახტზე.

დილარამ ხანუმის გავლენა დღითიდღე იზრდებოდა. პროფესორ, დევიდ მუროუს მიხედვით, 1632-1633 წლებში სეფიანთა დინასტიის უფლისწულებისა და პოლიტიკური მოღვაწეების სიკვდილით დასჯაში დიდი წვლილი სწორედ მას მიუძღოდა. შაჰ-აბასის გავლენიანი მამიდის, ზეინებ ბეგუმის თავიდან მოშორების შემდეგ დილარამ ხანუმი გახდა ისპაჰანის სასახლის ჰარამხანის მმართველი. სარგებლობდა თავისი ვაჟის ინერტულობით და სახელმწიფო საქმეებს განაგებდა. 1634 წელს მისი გავლენით შაჰ-სეფიმ დიდ ვეზირად დანიშნა მუჰამად სარუ თაქი.

1642 წელს სეფი I გარდაიცვალა. ტახტი მემკვიდრეობით დილარამის შვილიშვილს, აბას II-ს ერგო. ძალაუფლება სწორედ დილარამ ხანუმის, მისი რძლის, ქართველი ანა ხანუმისა და დიდ ვეზირ მუჰამად სარუ თაქის ხელში აღმოჩნდა. იმავე წელს დილარამის ბრძანებით 10 წლის აბასი სასწავლებლად ყაზვინში გაგზავნეს, ხოლო მის დანარჩენ შვილიშვილებს იმპერიის სტაბილურობის მიზნით თვალები დათხარეს და ჰარამხანაში გამოკეტეს.

1645 წელს ისპაჰანში აჯანყებამ იფეთქა, რომლის დროსაც ამბოხებულებმა მოკლეს ვეზირი სარუ თაქი. იმპერია დიდმა არეულობამ მოიცვა. გამორჩეულ ქალაქებში თითოეულ ამბოხს ფართომასშტაბური აჯანყებები მოსდევდა. 1647 წელს დილარამ ხანუმი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად სახელდება მოწამვლა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმავე წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ანა ხანუმი და მმართველობის სადავეები 15 წლის შაჰ-აბას II-ის ხელში აღმოჩნდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Blow, David (2009). Shah Abbas: The Ruthless King Who became an Iranian Legend. London, UK: I. B. Tauris & Co. Ltd. p. 20. ISBN 978-1845119898.