დიდი თონეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი თონეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ დიდ თონეთში, სოფელ გუჯარეთის სიახლოვეს.

აქედან წაღვრის არქეოლოგიურ ბაზაში ჩამოტანილია სწორკუთხა ფორმის ქვა (130×70×36 სმ), რომლის ერთი მხარე რელიეფური კომპოზიციით არის შემკული; ზევიდან კი ჯვრის ჩასადგმელი ფოსო (25×20 სმ) აქვს. აღნიშნულ ქვა სერგი მაკალათიას კანკელის ნაწილად მიაჩნდა და მას XVI-XVII საუკუნეებით ათარიღებდა. ნაეკლესიარში კი აღნიშნული ქვა იდო კანკელის ხაზზე, ჩრდილოეთ კედელთან. მის რელიეფზე გამოსახულია ორი მამაკაცის ფიგურა და მათ შორის აღმართულია მაღალი ჯვარი. ორივეს ერთნაირი, წელში შევიწროვებული და ბოლოგანიერი, სადა კაბა აცვია. თავზე დაბალი ქუდები ახურავთ. თავებთან დაქარაგმებული სახლები იკითხება: გ¯ლ და თ¯ე, ე. ი. გაბრიელ და თევდორე. დიდი თონეთის რელიეფს XIII საუკუნის II ნახევრით ათარიღებენ.

თაღის ქუსლებსა და ქვედა კუთხეებში დასმულ კვადრატებზე არსებული ნუსხანარევი ასომთავრული წარწერა გვამცნობს

ვიკიციტატა
„ადიდოს ღმერთმან სოლი ოქრო (პირ) ისი (ან ოქროისი). ჩვენ მისთა ძმათა თევდორე და გაბრიელ ესე ბარზიმი ვამსახორეთ წმინდასა გიორგის ყოდევისასა, ამინ.“

როგორც წარწერიდან ირკვევა, თევდორესა და გაბრიელს წმიდა გიორგის ეკლესიისათვის ბარძიმი მიუციათ სახმარად თავიანთი ძმის, ოქროს ან ოქროპირის სულის საოხად. წარწერის ბოლოს მოხსენიებულია ყუდევის წმიდა გიორგი. დ. ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ეკლესია, სადაც ეს ქვა დაუდგამთ და ბარძიმი უმსახურებიათ, წმინდა გიორგის სახელობისა იყო, ხოლო სოფელს მაშინ ყუდევი რქმევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც. და გ. ჭანიშვილი, არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი "გუჯარეთი", თბ., 1987
  • ბერძენიშვილი დ., ქვაჯვარი გუჯარეთის თონეთიდან, კრებულში: ნარკვევები, რედ. გიორგი ჭეიშვილი და ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გამომცემლობა "სამკალი", თბ., 2005
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17514