დატერასება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრინჯის ტერასები ვიეტნამში.

დატერასება — ფერდობის ზედაპირის ხელოვნური შეცვლა სასოფლო-სამეურნეო და ტყის კულტურების უკეთ გამოსაყენებლად და ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ საბრძოლველად. დატერასების დროს მთავარი ყურადღება ექცევა ტერასის სიგანეს, გვერდებს, ქანობსა და ტერასებს შორის ადგილს — ბერმას. დატერსაებისთვის იყენებენ ბულდოზერებსა და სხვა მიწასათხრელ მანქანებს, აგრეთვე სპეციალურ დამტერასებელ მანქანებს — ტერასორებს.

არსებობს დატერასების რამდენიმე ტიპი:

  • ბექობისებრ დატერასებას მაშინ მიმართავენ, როცა ფართობის ქანობი 0,12-ს არ აღემატება. ბუნებრივი ქანობის შეუცვლელად აკეთებენ 18–50 მ სიგანის ტერასებს, რომელთა ბოლოებში თხრილია, მასში გროვდება ზედაპირული ჩამონადენი წყალი და ჩადის წყალმიმღებში. ასეთი დატერასება ფართოდაა გავრცელებული საქართველოში, განსაკუთრებით პატარა მდინარეთა ხეობებში (მდ. ატენის ხეობა, გორის მუნიციპალიტეტი).
  • საფეხურისებრი დატერასების დროს იცვლება ფართობის ქანობი. მას იყენებენ 0,12–0,25 ქანობიან ფერდობებზე ციტრუსების, ვენახისა და ხეხილის გასაშენებლად. საქართველოში საფეხურისებრ დატერასებას უძველესი დროიდან იყენებენ (მესხეთი).
  • ტრანშეისებრ დატერასებას მიმართავენ ძლიერ დაქანებულ ფერდობებზე მრავალწლოვანი კულტურების გასაშენებლად.
  • ტერასა-თხრილს აკეთებენ იმ ადგილებში, სადაც ხშირი კოკისპირული წვიმა იცის და ძლიერი ქანობის (0,3–1) ფერდობებზე მცირე სისქის ნიადაგებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]