შინაარსზე გადასვლა

დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩედარის კაცი“, ნაპოვნია დიდ ბრიტანეთში, აღმოაჩნდა დასავლეთის მონადირე-შემგროვებლის გენოტიპი.

დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი (ინგლ. Western Hunter-Gatherer; WHG), დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი — ტერმინი, რომელიც არქეოგენეტიკაში აღნიშნავს დასავლეთ, სამხრეთ და ცენტრალური ევროპის მეზოლითის მონადირე-შემგროვებლების წარმომავლობას. მეზოლითის ხანაში დასავლეთ მონადირე-შემგროვებლის განსახლების არეალი, დასავლეთით, ბრიტანეთის კუნძულებიდან, აღმოსავლეთით, კარპატებამდე ვრცელდებოდა.[1]

სკანდინავიელ მონადირე-შემგროვებლებთან (SHG) და აღმოსავლეთ მონადირე-შემგროვებლებთან (EHG) ერთად, დასავლეთ მონადირე-შემგროვებელი (WHG) შეადგენს პოსტ-გამყინვარების პერიოდის ადრეულ ჰოლიცენიური ევროპის სამიდან ერთ-ერთ გენეტიკურ ჯგუფს.[2] WHG-სა და EHG-ს შორის საზღვარი უხეშად იყოფოდა ქვემო დუნაიდან, ჩრდილოეთით, დნეპრისგან დასავლეთით მდებარე ტყეებით, ბალტიის ზღვის მიმართულებით.[1]

სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები (SHG) დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებისა (WHG) და აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების (EHG) თანაბარ ნარევს წარმოადგენდნენ. ევროპის მასშტაბით ოდესღაც ფართოდ გავრცელებული დასავლეთ მონადირე-შემგროვებლები, მოგვიანებით, ადრეული ნეოლითის ხანაში, ჩაანაცვლა ადრეულმა ევროპელმა მიწათმოქმედებმა (EEF), მიუხედავად ამისა მათ შუა ნეოლითის ხანაში მაინც განიცადეს მამისეული ხაზის აღორძინება. გვიანი ნეოლითსა და ადრეული ბრინჯაოს ხანაში, დასავლეთის სტეპის მომთაბარეებმა (WHS) პონტო-კასპიის სტეპებიდან წამოიწყეს მასიური ექსპანსია, რამაც კიდევ უფრო შეავიწროვა დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები. დასავლეთის მონადირე-შემგროვებლის წარმომავლობა დღესდღეობით ხშირია აღმოსავლეთ ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე.

გენომის ანალიზი მიუთითებს, რომ დასავლეთის მონადირე-შემგროვებელს გააჩნდა ლურჯი თვალები, მუქი ყავისფერი ან შავი თმა, ხოლო კანის ფერი ცვალებადი შუალედურიდან მუქ-შავამდე.[3][4]